მერაბიშვილი: სერიოზული ამნისტია იგეგმება
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 23 ნოემბრისთვის – ”ვარდების რევოლუციის” მე-5 წლისთავზე – სერიოზული ამნისტია იგეგმება. მისი თქმით, ”რამოდენიმე ასეული” ადამიანი იქნება შეწყალებული.
”აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოდიოდა ინიციატივებით მინიმალური ყოფილიყო შეწყალებები, რაც განპირობებული იყო ერთი რამით – მაღალი დანაშაული იყო საზოგადოებაში,”- განაცხადა მერაბიშვილმა 30 ოქტომბერს, ”ეს თითქმის პირველი შემთხვევაა ჩემი მინისტრობის პირობებში, როდესაც ამას [ამნისტიას] მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროც”.
მან ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები მთავრობის ხელახლა დამტკიცების საკითხს განიხილავდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)