სააკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას მთავრობაში ადგილებს სთავაზობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ოპოზიციას პოსტებს სთავაზობს მთავრობაში, თუ მათ ამის სურვილი აქვთ.

პირველად სააკაშვილმა ოპოზიციას მთავრობაში თანამდებობები იანვარში, მეორე ვადით პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შესთავაზა, თუმცა ამ წინადადებას არცერთი პოლიტიკური ძალა არ დათანხმდა.

”ეს წინადადება დღესაც რჩება ძალაში,”- განაცხადა შვედეთში ვიზიტად მყოფმა სააკაშვილმა 30 ოქტომბერს, ”თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში განაცხადებენ, რომ ისინი მზად არიან შეუერთდნენ მთავრობას, ჩვენ მზად ვართ გადავხედოთ მთავრობის შემადგენლობას და შევიყვანოთ მათი წევრები მთავრობაში”. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა თუ რა იქნება პასუხი,  ”ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ოპოზიციასთან რეფორმებზე საპარლამენტო ფორმატში” და ”მზად ვართ, გავიზიაროთ პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე შემდგომი წლების განმავლობაში”.

მისი თქმით, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაში, რომლის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, მთავრობის წევრებს უსვამენ ”ძალიან რთულ კითხვებს” და პირდაპირ ეთერში დაკითხვა საათობით გრძელდება. 

”აი ეს არის დემოკრატიის ძალიან სწორი გამოვლინება,”- აღნიშნა მან.

იმავდროულად, სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გრიგოლ მგალობლიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ძირეული ცვლილებები არ განახორციელა მინისტრთა კაბინეტში – მთავრობაში მხოლოდ ოთხი მინისტრი შეიცვალა. მისი თქმით, ძველ მინისტრებს გამოსაცდელი ვადა მიეცათ.

”მე მგონი სწორედ მოიქცა [მგალობლიშვილი], რომ თავიდანვე არ დაერია მთავრობის შემადგენლობას და არ დაიწყო მასობრივად ხალხის შეცვლა, იმიტომ, რომ ახალი კაცია და უნდა ნახოს ვინ გამოადგება და ვინ არა,”- განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)