პარლამენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დებატები კანონით განუსაზღვრა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ავალდებულებს არჩევნებს შორის პერიოდში პერმანენტულად გაუშვას პოლიტიკური დებატები.
აქამდე მაუწყებლობის შესახებ კანონი, ამ ტიპის ვალდებულებას საზოგადოებრივ მაუწყებელს მხოლოდ საარჩევნო პერიოდში აკისრებდა. არხზე წინასაარჩევნო დებატები ოქტომბრიდან გადის.
მიღებული ცვლილებების თანახმად კი, რომელიც ანტიკრიზისული საბჭოს ფარგლებში მომზადდა, არხი უკვე ვალდებული იქნება ეთერში ”ყოველკვირეულად” განათავსოს გადაცემები მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე ვალდებულია ამ გადაცემებში ”არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს პარლამენტში არსებული ძალების (ფრაქციების), აგრეთვე იმ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა, რომლებიც იღებენ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან”.
ძირითადი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების უმეტესობას ზაფხულიდან შეუწყდა საბიუჯეტო დაფინანსება მას შემდეგ, რაც მათ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. თუმცა ხელისუფლება დაპირდა, რომ ამ პარტიების დაფინანსება ისევ აღდგება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მომზადება ანტიკრიზისული საბჭოს ფარგლებში იგეგმება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)