მედვედევი: ჩვენ კავკასიაში უკან არ დავიხევთ
რუსეთი კავკასიაში უკან არ დაიხევს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა მსოფლიოს ფინანსური კრიზისიდან, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის წლიურ მოხსენებაში საკანონმდებლო ორგანოს ზედა და ქვედა პალატას.
მან ყურადღება აგვისტოში ”სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ბარბაროსული აგრესიასა” და გლობალურ ფინანსურ კრიზისზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ამ ორ სხვადასხვა პრობლემას ”საერთო მახასიათებელი და საერთო წარმოშობა აქვს”. მისი თქმით, ეს საკითხები რუსეთისთვის სერიოზული გამოცდაა.
”საქართველოს არმიის თავდასხმა რუს სამშვიდობოებზე ტრაგედიად იქცა მრავალი ათასი ადამიანისთვის, მთელი ერებისთვის. ამ პროვოკაციის შედეგად მკვეთრად გაიზარდა დაძაბულობა მთელს კავკასიის რეგიონში. კავკასიაში კონფლიქტი გამოყენებული იქნა საბაბად შავ ზღვაში ნატოს სამხედრო გემების შემოყვანისთვის, ხოლო შემდეგ ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების დაჩქარებულად თავს მოხვევისთვის, რასაც თავისთავად მოჰყვება საპასუხო ზომები რუსეთისგან,”- განაცხადა გამოსვლის დასაწყისში მედვედევმა.
”ამგვარად, თბილისის რეჟიმის ლოკალურმა ავანტიურამ გამოიწვია დაძაბულობის გაზრდა რეგიონის გარეთ, მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში, ეჭვქვეშ დააყენა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ინსტიტუტების ეფექტურობა. ფაქტიურად, გლობალური წესრიგის საფუძვლების დესტაბილიზაცია მოახდინა,”- აღნიშნა მან.
მოგვიანებით, თავის გამოსვლაში მედვედევი კიდევ შეეხო აგვისტოს მოვლენებს და განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია იყო არ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული, არამედ მიზნად ისახავს სამხრეთ ოსეთის ”თბილისის რეჟიმის დანაშაულებრივი ავანტიურისგან” დაცვას.
”აგრესორის მშვიდობისკენ იძულების გადაწყვეტილება და ჩვენი სამხედროების მიერ განხორციელებული ოპერაცია მიმართული იყო არა საქართველოს და მისი ხალხის წინააღმდეგ, არამედ რესპუბლიკის მოსახლეობის და რუსი სამშვიდობოების გადასარჩენად. მყარი და გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხებისთვის, პირველ რიგში, თბილისის რეჟიმის დანაშაულებრივი ავანტიურის რეციდივებისგან,”- განაცხადა მან, ”კავკასიის კრიზისმა ისევ დაგვანახა, რომ ძალის გამოყენებით კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს არ შეუძლია უზრუნველყოს სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ არასტაბილურობის კერების გაუვნებელყოფას მიმდებარე რეგიონებში. და არსებული ფორმატების პატივისცემიდან გამომდინარე ხელს შევუწყობთ დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის პრობლემების მოგვარებას, ვითანამშრომლებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, გავალთ ურთიერთმისაღებ შეთანხმებებზე”.
მისი თქმით, აგვისტოს მოვლენებიდან გამომდინარე რამდენიმე დასკვნა გაკეთდა.
”პირველი და ყველაზე მთავარი დასკვნა – ფაქტიურად დაფიქსირებულია თვისობრივად ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის ფორმირება,”- განაცხადა მან, ”აგვისტოს კრიზისმა უბრალოდ სიმართლის მომენტის ფორსირება მოახდინა. ჩვენ მართლაც დავუმტკიცეთ, მათ შორის მათ, ვინც ასპონსორებდა ახლანდელ მმართველ რეჟიმს საქართველში, რომ შეგვიძლია ჩვენი მოქალაქეების დაცვა, რომ ჩვენ შეგვიძლია საქმით დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ეფექტურად შევასრულოთ სამშვიდობო ოპერაციები”.
”დასკვნა მეორე – ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანწილად აღიდგინეს საბრძოლო პოტენციალი. მიუხედავად ამისა, სამხედრო ხელმძღვანელობამ საჭიროა გაითვალისწინოს არა მხოლოდ წარმატებები, არამედ ჩავარდნებიც და ყველაზე სერიოზული გაკვეთილი მიიღოს აქედან,”- განაცხადა მედვედევმა.
”8 აგვისტოს მოვლენებსა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე რეაქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენ ორმაგი სტანდარტების მსოფლიოში ვცხოვრობთ,”- განაგრძო მან, ”ჩვენ მოვიქეცით პასუხისმგებლობით საერთაშორისო კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენისათვის, გვესმოდა რა, რომ ნებისმიერი მერყეობა და ამ მცდელობების გადადება განწირული იყო უფრო სერიოზულ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. ამ ფონზე აშკარა მიკერძოებულად გამოიყურება ჩვენი პარტნიორების პოზიცია, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მაქსიმალური ძალისხმევა ჩადეს, რათა საერთაშორისო სამართლის გვერდის ავლით მიეღწიათ კოსოვოს სერბეთისგან გამოყოფისთვის და ამ თვითგამოცხადებული რეგიონის საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აღიარებისთვის, ახლა კი თითქოს არაფერი არ ყოფილა რუსეთს აკრიტიკებენ”.
შეერთებული შტატების კრიტიკის პარალელურად, მან ასევე აღნიშნა, რომ ”კრიზისის მოგვარებამ მოახდინა ევროპის შედეგიანი გადაწყვეტილების დემონსტრირება და ჩვენ გავაღრმავებთ უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობებს ევროპასთან”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)