უსკომ ხელვაჩაურში არჩევნების შედეგები გააბათილა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო) 5 ნოემბერს ხელვაჩაურის ოლქში რეგიონული საკანონმდებლო ორგანოს პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების გაბათილების გადაწყვეტილება მიიღო.
იმავე დღეს უსკომ ამ ოლქში ხელახალი არჩევნები დანიშნა – პროპორციული სისტემით არჩევნები 16 ნოემბერს, ხოლო მაჟორიტარული სისტემით 14 დეკემბერს გაიმართება.
არჩევნების გაბათილების შესახებ გადაწყვეტილება 3 ნოემბრის არჩევნების დღეს დაფიქსირებული სხვადასხვა დარღვევის შესახებ, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნებიდან” შესულ საჩივრებზე, დაყრდნობით იქნა მიღებული.
ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტია ხელვაჩაურთან ერთად შუახევის ოლქის გაბათილებასაც მოითხოვდა.
3 ნოემბრის არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა ხმათა 78.83%-ით. არჩევნებში მონაწილე ექვსი სუბიექტიდან 5%-იანი ბარიერი ასევე გადალახა გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელმაც ამომრჩევლის 14.75%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
შედეგად, აჭარის 18-წევრიანი უმაღლესი საბჭო ორპარტიული იქნება. არსებული წინასწარი მონაცემების თანახმად ნაციონალურ მოძრაობას 10 პროპორციული მანდატი აქვს მოპოვებული, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებს – 1. იმას თუ ვის მიეკუთვნება მე-12 პროპორციული მანდატი ხელვაჩაურის ოლქში დანიშნული არჩევნები გაარკვევს.
იმავდროულად, მმართველმა პარტიამ წინასწარი შედეგებით, ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში მოიგო არჩევნები, თუმცა აქაც გაურკვეველი რჩება მე-6 მაჟორიტარის ვინაობა ხელვაჩაურის ოლქის გაბათილების გამო, რაც 14 დეკემბრის ხელახალ არჩევნებში გაირკვევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)