სააკაშვილმა ”კონსოლიდაციის” მნიშვნელობაზე ისაუბრა

შარშანდელი 7 ნოემბერი მძიმე დღე იყო და ყველამ გაკვეთილი ვისწავლეთ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ 7 ნოემბრის წლისთავის აღსანიშნავ ოპოზიციის აქციაზე დღეს ”სიმშვიდე” იყო.

”თუ შევინარჩუნეთ სტაბილურობა, დიალოგი, განვავითარეთ დემოკრატია და ერთმანეთთან ურთიერთობის კულტურა, ჩვენ აღარასოდეს აღარ გვექნება შეტაკებები და საქართველო მოიშორებს ოკუპანტებს და განვითარდება,”- განაცხადა მან, ”თუ ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ, როგორც შარშან – ჩემთვის ეს იყო ძალიან მწარე დღეები და მწარე გაკვეთილი – მაშინ მივიღებთ იმას, რომ პრაქტიკულად არც არავინ დაგვიდგება გვერდზე მსოფლიოში.. ვერც ეკონომიკა ვერ განვითარდება, ყველას დასაცინი გავხდებით და ყველას თითის საჩვენებელი ცუდი კუთხით”.

სააკაშვილმა ეს განცხადება დღეს პოლიციის მიერ მომიტინგეების შარშანდელი დარბევისას დაზარალებულის ოჯახში სტუმრობის დროს გააკეთა.

”რა გაკვეთილებიც ჩვენ ვისწავლეთ არის ის, რომ ყველა დავა უნდა წყდებოდეს არა ქუჩაში, არამედ პარლამენტში, სასამართლოში, ლაპარაკით და ერთმანეთის გატანით და ერთმანეთთან ურთიერთობით და არა ერთმანეთის ლანძღვა-გინებით და ერთმანეთთან ჩხუბით,”- აღნიშნა მან, ”ის, რომ მტრის ამხელა შემოტევაზე თბილისი დადგა როგორც ერთი და მართლა გამოვიდა ქუჩაში [12 აგვისტოს აქციაზე] ასობით ათასი ადამიანი ბომბების ქვეშ, ეს არის შედეგი დიალოგისა, ხალხის ერთად დგომისა, კონსოლიდაციისა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)