აშშ-ის წარმომადგენელი სარკოზის მიერ ბუშის კრიტიკას პასუხობს

თეთრი სახლის წარმომადგენელმა გორდონ ჯონდრომ განაცხადა, რომ მან დარწმუნებით არ იცის, ”რის შესახებ საუბრობდა პრეზიდენტი სარკოზი,” როდესაც პრეზიდენტ ბუშს აკრიტიკებდა საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით.

”პრეზიდენტი ბუში მზად იყო და კვლავაც მზადაა მოაგვაროს საკითხი რუსეთსა და საქართველოს შორის,” – განუცხადა ჯონდრომ AFP.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა 13 ნოემბერს, რომ მოსკოვში და თბილისში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე მას დაურეკა ამერიკის პრეზიდენტმა და უთხრა არ წასულიყო. ”როდესაც 8 აგვისტოს ვიღაცას მოუწია მოსკოვში ან თბილისში გამგზავრება, ვინ დაიცვა ადამიანის უფლებები? იყო ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელმაც თქვა, რომ ”ეს მიუღებელია”? თუ საფრანგეთი, რომელმაც დიალოგს შეუწყო ხელი,” – განაცხადა სარკოზიმ.

14 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრატეგია ”უფრო ეფექტურია”, ვიდრე ”საქართველოს ზოგიერთი მეგობრისა”; მან ასევე დასძინა, რომ ვერ მიხვდა, რას მიაღწიეს ამერიკელებმა სამხედრო გემების გაგზავნით ”ახლომდებარე წყლებში” – იგი ამერიკულ სამხედრო გემებს გულისხმობდა, რომლებიც საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ გამოაგზავნეს.

”არ ვიცი რომელ სამხედრო გემებს გულისმობს,” – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. ”მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ძალიან მადლიერი დარჩა იმ ამერიკული გემებისა, რომელთაც მათ მეტად საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანეს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)