ჰამარბერგი ომგამოვლილ რაიონებში არსებულ ვითარებაზე და დევნილებზე საუბრობს
ევროპის საბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგმა განაცხდა, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან არსებობს პრობლემა აგვისტოს ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლების პრინციპის აღიარების თაობაზე.
ჰამარბერგი, რომელიც 12-14 ნოემბერს საქართველოს სტუმრობდა, ცხინვალშიც ჩავიდა და სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა.
”მათ [დე ფაქტო ხელისუფლებამ] ნათლად უნდა ჩამოაყალიბონ ის პრინციპი, რომ მათ, ვინც იძულებით დატოვა სახლები, აქვთ უფლება უკან დაბრუნდნენ და იქაურმა ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ამ საკითხზე,” – განაცხადა ჰამარბერგმა 14 ნოემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ”მე მქონდა საუბარი დე ფაქტო პრეზიდენტ კოკოითთან ამის თაობაზე და მიმაჩნია, რომ საჭიროა ამ საუბრის გაგრძელება, რადგანაც მე არ დამაკმაყოფილა ყველაფერმა, რაც ამ საუბრის დროს მოვისმინე”.
მან ასევე განაცხადა, რომ არაა კმაყოფილი იმ პირობებით, რომელიც დევნილთა ერთ-ერთ კომპაქტურ დასახლებაში ნახა.
”მიმაჩნია, რომ იქ არ არის დამაკმაყოფილებელი პირობები, იქ არ იყო გათბობა,” – განაცხადა მან. ”იქ არის ელექტროობის დროებითი სისტემა, როდესაც ხალხს თავად უხდება მისი გაკეთება; არ არის საკმარისი მატერიალური პირობები მათთვის, მათ ჰქონდათ ლეიბები, მაგრამ თითქმის მეტი არაფერი. ამრიგად, ეს უნდა გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ხალხს ცუდი დღე ელით ზამთარში”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელიც დევნილთა განსახლების პროექტებს კურირებს, ამჟამად შიდა ქართლის რეგიონში 3 984 სახლი შენდება მათთვის, ვინც სამხრეთ ოსეთის შიგნით მდებარე სოფლებიდან გამოიქცნენ; 1 636 სახლი შეკეთდება, ხოლო დამატებით 500 სახლს სახელმწიფო შეიძენს. შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სახლების 90% უკვე დასრულებულია. მისი თქმით, დევნილთა შესახლების პროცესი დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება და ისინი უზრუნველყოფილები იქნებიან პირველადი მოხმარების საგნებითა და ავეჯით, გარდა ამისა ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა 200 ლარიანი დახმარება.
ჰამარბერგმა ასევე განაცხადა, რომ კვლავ შეშფოთების წყაროდ რჩება უსაფრთხოება და მატერიალური პირობები მათთვის, ვინც დაბრუნდა ბუფერულ ზონაში, კერძოდ კი მის ჩრდილოეთ ნაწილში – რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.
კვლავ ვრცელდება ინფორმაცია ”მარადიორობის, მუქარისა და სხვა დანაშაულების შესახებ,” განაცხადა მან.
”ევროკავშირის დამკვირვებლების ყოფნამ შეამცირა ამგვარი დანაშაულების დონე, თუმცა ვერ შეაჩერა ეს,” – განაცხადა ჰამარბერგმა და დასძინა, რომ საჭიროა ამ ტერიტორიების უფრო აქტიური მონიტორინგი, ასევე ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს უფრო ეფექტური საპოლიციო საქმიანობის განხორციელება.
ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ომგამოვლილი რაიონების მოსახლეობას, კერძოდ ბუფერული ზონიდან და მისი ჩრდილოეთ ნაწილიდან დევნილებს, უკან დაბრუნება ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მოუხდა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება თითქოსდა ემუქრებოდა მათ დახმარების შეწყვეტით, თუ უკან არ დაბრუნებოდნენ.
ამ ინფორმაციის კომენტირებისას ჰამარბერგმა განაცხადა: ”ამგვარი პრობლემა მართლაც წამოიჭრა [ბუფერული ზონის მოსახლეობასთან შეხვედრისას]; ვერ ვიტყვი, რომ ხალხი ჩიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ისინი ან იძულებით დააბრუნეს უკან ან ზეწოლა მოახდინეს, რომ დაბრუნებულიყვნენ; მაგრამ მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ უკვე შეეძლოთ უკან დაბრუნება”.
”ზოგიერთი ადამიანი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს,”- განაგრძო მან, ”იმ ფონზე, როცა მათ უსახსრობის გამო საკვების ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ, ისინი კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, ჩემი აზრით, ორივე მიმართულებით, როცა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და როცა არ არიან დარწმუნებულები, რომ თავს გაიტანენ. საჭიროა, რომ ყველა მხარემ – პოლიციამ, ევროკავშირის დამკვირვებლებმა – მეტი ენერგიულობით უზრუნველყონ იქ უსაფრთხოება”.
”ეს ხალხი ძალიან ღარიბია. მათ დაკარგეს ერთი მოსავალი და მეორე მოსავლის დაკარგვის საფრთხეც ემუქრებათ,” – განაცხადა ჰამარბერგმა. მან ასევე აღნიშნა აუფეთქებელი მოწყობილობების პრობლემაც.
კომისარმა ასევე განაცხადა, რომ ცხინვალში კვლავ რჩება ომის დროს მოკლული 10 ქართველი ჯარისკაცის გვამი და იმედი გამოთქვა, რომ მათი გადმოსვენება მალე მოხდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)