ტყვიები ევროკავშირის დამკვირვებლების მახლობლად დაეცა – აცხადებენ დამკვირვებლები
საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ განაცხადა, რომ 15 ნოემბერს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მომხდარი ”ძლიერი სროლების” დროს ”რამდენიმე ტყვია მისიის პერსონალის მახლობლად დაეცა”.
”გაურკვეველია, მათ [დამკვირვებლებს] შეგნებულად დაუმიზნეს თუ არა, მაგრამ ამგვარი ქმედება მიუღებელია. ევროკავშირის მისია შეუიარაღებელი სამოქალაქო მისიაა,” – განაცხადა მისიამ 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეს შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ევროპელი დამკვირვებლები ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს მდებარე სოფელ ფახულანის სიახლოვეს მივიდნენ, რათა ის ინციდენტი გამოეძიათ, რომელიც სულ ცოტა ხნით ადრე მოხდა და რომლის დროსაც ქართველი პოლიციელი იქნა მოკლული.
”ინციდენტს საქართველოს ხელისუფლება იძიებს, მაგრამ რადგანაც ის ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს მოხდა, მისია მოუწოდებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ასევე გამოიძიოს, თუ რა მოხდა და გაუზიაროს შედეგები ევროკავშირის მისიას და საქართველოს ხელისუფლებას,” – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მისია კატეგორიულად გმობს ქართველი პოლიციელის მოკვლას აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)