პრეზიდენტი სააკაშვილი ბარაკ ობამას და ჯო ბაიდენს ესაუბრა
17 ნოემბერს პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ბარაკ ომაბამას და მომავალ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი მეგობრული იყო და ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს მომავალ ურთიერთობებს შეეხო.
”ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უპირობოდ უჭერს მხარს, ყურადღება გაამახვილა მიმდინარე რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე,”- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური, ”ბარაკ ობამამ საქართველოს პრეზიდენტს ამ საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა აღუთქვა”.
ამავე ცნობით, აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ახლო მომავალში გახდება შესაძლებელი.
ბარაკ ობამას ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა საპასუხო ზარები განახორციელა საქართველოს, ფილიპინების და თურქეთის პრეზიდენტებთან და მადლობა გადაუხადა მათ არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებული მოლოცვებისთვის.
იმავდროულად, ნიუ-იორკში საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მას იმედი აქვს, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ. ”საქართველოს და მისი ნატოში სწრაფვის მხარდაჭერა ცალსახაა აშშ-ში,” – იტყობინება ”როიტერი” ალასანიას სიტყვებზე დაყრდნობით. მან ასევე განაცხადა, რომ ინტეგრაციის პროცესს შესაძლოა უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)