განმუხურთან სროლები მოხდა

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ზუგდიდი რაიონის სოფელ განმუხურში დღეს დილით ქართულ პოლიციასა და აფხაზურ მხარეს შორის დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში სროლები მიმდინარეობდა, იტყობინებიან რუსული და ქართული სააგენტოები.

”ინტერფაქსი” სამეგრელოს რეგიონულ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ განმუხურში ქართული პოლიციის საგუშაგოს გალის რაიონის სოფელ ფიჩორიდან გაუხსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ყუმბარმტყორცნებიდან.

იმავდროულად, ”ინტერფაქსი” გალში აფხაზეთის ლიდერის რუსლან ქიშმარიას სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სროლები გამოიწვია იმან, რომ ქართულმა პატრულმა აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. 

”შეიარაღებული შეტაკების შედეგად ქართული პატრული გაძევებული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე,”- აცხადებს ქიშმარია.

ინციდენტის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე უკვე იმყოფებიან ევროკავშირის მონიტორები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)