ჟენევის ”კონსტრუქციული მოლაპარაკებები”
ყველა მხარის წარმომადგენლებმა და შუამავლებმა აღნიშნეს 19 ნოემბერს ჟენევაში გამართული შეხვედრის კონსტრუქციულობა და შეთანხმდნენ უსაფრთხოების და დევნილთა დაბრუნების შესახებ განხილვები 17-18 დეკემბერს განაგრძონ.
ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს შუამავლობით ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ჩატარდა ორი არაფორმალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოს, რუსეთის, აშშ-ს და ასევე ორი სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლების მონაწილეობით. ყველა მონაწილე ერთმანეთს ე.წ. ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდნენ, ანუ შეხვედრა იმ სუბიექტების იდენტიფიკაციის გარეშე გაიმართა, რომელთაც მომლაპარაკებლები წარმოადგენდნენ. 19 ნოემბერს ოფიციალური პლენარული სხდომა არ გამართულა.
ამგვარი ფორმატის საშუალებით თავიდან იქნა აცილებული მონაწილე მხარეებს შორის სტატუსთან დაკავშირებული უთანხმოება. სწორედ ამ მიზეზით ჩაიშალა 15 ოქტომბერს პირველი შეხვედრა ჟენევაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ერთი სამუშაო ჯგუფი უსაფრთხოების და სტაბილურობის, ხოლო მეორე – დევნილთა დაბრუნების საკითხებზე მუშაობს.
19 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ შეხვედრა ”პოზიტიურ სამუშაო ატმოსფეროში გაიმართა”.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ღვინჯიამ, რომელიც მონაწილეობდა შეხვედრაში, განაცხადა, რომ ეს იყო ”პირველი რაციონალური და კონსტრუქციული მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის [აგვისტოს] მოვლენების შემდეგ”.
”ამ მოლაპარაკებების კონსტრუქციულობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ყველა მონაწილე თანაბარი სტატუსით იყო წარმოდგენილი,” – განაცხადა მან.
ღვინჯიას ანალოგიური განცხადება გააკეთა გრიგორი კარასინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომლის თქმითაც ”პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა” იმას, რომ ”სამივე კავკასიური სახელმწიფო” თანაბარი სტატუსით იყო წარმოდგენილი. საქართველოსთან ერთად ის გულისხმობდა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.
თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა თავის განცხადებაში, რომ შეხვედრები ”არაფორმალურ საფუძველზე გაიმართა ინდივიდუალური წარმომადგენლების ფარგლებში”.
”მონაწილეები იქ იყვნენ, როგორც ინდივიდუალური წარმომადგენლები, თუმცა ნება მომეცით, განვაცხადო აშკარა ფაქტის შესახებ, რომ ყველამ ისედაც კარგად იცის, თუ ვინ ვინ არის,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა მოლაპარაკებების შემდეგ.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, განხილვებმა უჩვენა, რომ ფორმატი კარგად იყო მომზადებული და კარგადაც იმუშავა. თუმცა, სამინიატრომ ასევე აღნიშნა, რომ თბილისი მოუთმენლად ელის მოლაპარაკებების გაგრძელებას 17-18 დეკემბერს როგორც პლენარული, ისე სამუშაო შეხვედრების ფარგლებში. პლენარული სხდომა გულისხმობს ოფიციალურ შეხვედრას.
კითხვაზე ჩამოყალიბდება თუ არა 19 ნოემბრის შეხვედრების ფორმატი წესად მთელი ჟენევის პროცესისთვის, აშშ-ს წარმომადგენელმა მოლაპარაკებებზე დანიელ ფრიდმა უპასუხა: ”ყველა სხდომა არ იქნება ამგვარი ტიპის.” მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელი განაგრძობს შეხვედრის მორიგი რაუნდის მომზადებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ”ახალი უსაფრთხოების რეჟიმი” და ”პირველი ნაბიჯი” ამ მიმართულებით უნდა იყოს საერთაშორისო დამკვირვებლების შეშვება სეპარატისტული რეგიონების შიგნით. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი, რომელიც არ ემხრობა ევროკავშირის დამკვირვებელთა შესვლას სეპარატისტულ რეგიონებში, გადახედავს საკუთარ პოზიციას.
თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მოსკოვისთვის სტაბილურობა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე უფრო სერიოზული შეშფოთების წყაროს წარმოადგენს.
რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნას ორი სეპარატისტული რეგიონის შიგნით, კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს საქართველოში გაეროს და ეუთოს მისიების მანდატების შეცვლას. კერძოდ, მისი თქმით, საჭიროა ახალი მანდატი საქართველოში ეუთოს მისიისთვის და საჭიროა ცალკე მანდატი სამხრეთ ოსეთში ეუთოს მისიისთვის, რომელიც თბილისის ოფისისგან დამოუკიდებელი იქნება. ანალოგიური მიდგომა აქვს მოსკოვს გაეროს სადამკვირვებლო მისიის მიმართ, რომელიც აფხაზეთის საკითხებზე მუშაობს.
საქართველოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე მათ დააყენეს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შეუსრულებლობისა და ახალი საპოლიციო და სამშვიდობო მისიების საჭიროების საკითხები.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ ასევე გაუსვა ხაზი ”მარადიორობის და გატაცებების ხშირ ფაქტებს, ასევე თავდასხმებს ქართველ სამართალდამცავებზე და სამოქალაქო პირებზე, რის შედეგადაც ბოლო ორი თვის მანძილზე 10 ადამიანი დაიღუპა”.
”პრინციპში, მონაწილეები შეთანხმდნენ მოამზადონ ინციდენტების აღკვეთისა და მართვის მექანიზმი, განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის/მშვიდობის შენარჩუნების რეჟიმი, რომელიც დაადგენს წესებს მინიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და ასევე შექმნან გადაკვეთის პუნქტები, რათა უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილება,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ ყველა მხარემ აღიარა დევნილთა უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების საჭიროება.
მოსალოდნელია, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და ევროკომისია მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდამდე მისიას გააგზავნის რეგიონში დევნილთა ვითარების შესაფასებლად.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ ”კონსტრუქციული დღე იყო”.
”ჟენევის განხილვების დღევანდელი სხდომა ბევრად უფრო წარმატებული იყო, ვიდრე გასული თვის წარუმატებელი სხდომა. არავის დაუტოვებია სხდომა. ფაქტიურად შედგა ზოგიერთი მწვავე საკითხის პროდუქტიული განხილვა,” – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, თანათავმჯდომარეები – ევროკავშირი, ეუთო და გაერო – 19 ნოემბრის განხილვების საფუძველზე მოამზადებენ წინადადებებს, ”კერძოდ, ინციდენტების აღკვეთის კონტროლსა და მოგვარებასთან დაკავშირებით”.
ფრიდმა ასევე განაცხადა, რომ ”სერიოზული უთანხმოებები” სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით, ასევე ომზე პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით კვლავაც რჩება. ”თუმცა, არც ერთ ადამიანს, არც მხარეს არ უცდია კრიზისის შექმნა [მოლაპარაკებების დროს],” – დასძინა მან.
გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა იოჰან ვერბეკემ განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, რომ არ განხილულა ”რთული პოლიტიკური საკითხები”, როგორიცაა სტატუსი, ”რომელზეც შეუძლებელია შეთანხმება დროის ძალიან მოკლე პერიოდში”.
”ჩვენ შევთანხმდით შევაჩეროთ ეს საკითხები და ამ ეტაპზე განვიხილოთ კონკრეტული საკითხები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ადამიანებთან,” – განაცხადა მან.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ მოლაპარაკებები ”წინ მიდის” და სამუშაო ფაზაში შევიდა.
”ისინი [მხარეები] გადავიდნენ პროცედურული განხილვებიდან პრაქტიკულ საკითხებზე, რომლებიც ეხება უშუალოდ ხალხის ბედს ადგილზე,” – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)