ომის საერთაშორისო გამოძიების ზოგიერთი დეტალი

ევროკავშირი მოსალოდნელია, რომ ფართო მანდატით აღჭურვავს იმ კომისიას, რომელმაც აგვისტოს ომი უნდა გამოიძიოს და საბოლოო დასკვნები 2009 წლის 30 ნოემბრისთვის დადოს, იტყობინება ბრიუსელიდან EUobserver.com. 

”მისიის მიზანი იქნება 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებული კონფლიქტის წარმოშობისა და განვითარების გამოძიება საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებათა კანონის ფარგლებში. გამოძიების გეოგრაფიული და დროის  არეალი უნდა იყოს საკმარისად ფართო, რათა დადგინდეს ყველა შესაძლო მიზეზი,” – ნათქვამია ევროკავშირის გადაწყვეტილების პროექტში. ამის შესახებ EUobserver.com-ს იმ დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, რომელიც პროექტის ტექტს იცნობს.  
 
კომისიამ, რომელსაც უხელმძღვანელებს შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი – 2002-2006 წლებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი საქართველოში, საბოლოო მოხსენება ევროკავშირს, გაეროს, ეუთოს, რუსეთსა და საქართველოს უნდა წარუდგინოს მომავალი წლის ნოემბერში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 19 ნოემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თბილისი ღიაა ომის საერთაშორისო გამოძიების მიმართ. თუმცა მან აღნიშნა, რომ თბილისი ემხრობა საკითხისადმი ყოვლისმომცველ მიდგომას.

”თავიდანვე, როგორც კი საომარი მოქმედებები დასრულდა, ყოველთვის ვიყავით მომხრე და ვითხოვდით კიდეც ფაქტიურად საერთაშორისო ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარებულიყო არამარტო იმისა, თუ უშუალოდ რა მოხდა კონფლიქტის დროს, არამედ სრულად კონფლიქტის საფუძვლების ფართო ხედვა ყოფილიყო გამოძიებული, ანუ ყოფილიყო სრული ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა, იმაზე დაფუძნებით, თუ როგორ მოვედით იმ მომენტამდე, როდესაც უკვე რუსეთის ინტერვენცია განხორციელდა საქართველოში. წინა წლების განმავლობაშიც რუსეთის ქმედება და მისი პოლიტიკა ნათლად მეტყველებს იმაზე, რამდენად მიზანმიმართულად ხორციელდებოდა ეს პოლიტიკა საიმისოდ, რომ კულმინაცია ამ სახით მომხდარიყო,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა.

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე საუბრისას, 25 ოქტომბერს ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ტიპის საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის მანდატი უნდა გულისხმობდეს არა მხოლოდ აგვისტოს მოვლენების გამოძიებას, არამედ ეთნიკური წმენდის სიღრმისეულ შესწავლას, რაც არა მხოლოდ აგვისტოში განხორციელდა, არამედ 90-იანი წლების დასაწყისშიც. ის ფაქტი, რომ 90-იანი წლების ეთნიკური წმენდა უპასუხოდ დარჩა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, გახდა მიზეზი ამ ბოლოდრიუნდელი ეთნიკური წმენდისა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)