ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიჰოლ მარტინი 20 ნოემბერს თბილისში თავის ქართველ კოლეგას ეკა ტყეშელაშვილს შეხვდა.

”ჩვენ მრავალჯერ გამოგვიხატავს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომართ და ამას მომავალშიც გავაკეთებთ,” – განუცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

მან განაცხადა, რომ ირლანდია სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – საფრანგეთის სამშვიდობო მისიას, რომელმაც, მისი თქმით, ”ნამდვილად შეაჩერა ბრძოლა და ნამდვილად მიაღწია რუსული ძალების გაყვანას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან”.

ირლანდიას საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფარგლებში ოთხი დამკვირვებელი ჰყავს.

”სამწუხაროდ, [ევროკავშირის] მონიტორინგის მისიას და რა თქმა უნდა, ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებს არ ეძლევათ საშუალება სრულად შეასრულონ თავიანთი მანდატები და ეს არის ის, რის მიღწევასაც ევროკავშირი მომავალშიც შეეცდება,” – განაცხადა მარტინმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთთან პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით არ იყო ”ადვილი” მისაღები.

”იყო მნიშვნელოვანი განხილვა… და დღის ბოლოს ირლანდიამ მხარი დაუჭირა საფრანგეთის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია,” – განაცხადა მარტინმა, ”საჭიროა, რომ იყოს რაღაც ჩარჩო, რომელიც დაეხმარება განხილვებს [რუსეთთან] ახალი შეთანხმების გარშემო, მაგრამ არა ”ჩვეული ურთიერთობების აღდგენის” კონტექსტში. რა თქმა უნდა, კონფლიქტი საქართველოში ამ განხილვების ფონი იქნება. რუსეთს მტკიცედ შეახსენებენ ევროკავშირის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში”.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირლანდია მხარს უჭერს ”საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ურთიერთობების გაფართოებას”.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ირლანდია ”ეკონომიკური განვითარების კარგი მაგალითია” საქართველოსთვის.

”ეს არის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ეკონომიკურ თავისუფლებებსა და ევროკავშირის წესებს შორის შესაბამისობის ძალიან საინტერესო მოდელი, რომელიც ძალიან საინტერესო მოდელია ჩვენთვის,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ 20 ნოემბერს ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თაობაზე. 

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო 2009 წელს დუბლინში საელჩოს გახსნას გეგმავს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)