საქართველო ოლიმპიური თამაშების სოჭიდან გადატანას ითხოვს

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სთხოვა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გადახედოს 2014 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების სოჭში ჩატარების გეგმებს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ჟაკ როჟეს სახელზე გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახლადარჩეული პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და თექვსმეტი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი აწერენ, ნათქვამია, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების სოჭში ჩატარება, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთიდან 40 კილომეტრში მდებარეობს, უპრეცედენტო რისკს წარმოადგენს უსაფრთხოების თვალსაზრისით.

”ოლიმპიური თამაშების ჩატარება ამ ტერიტორიაზე – რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის კონფლიქტის ზონის და უკიდურესად არასტაბილური და ფეთქებადსაშიში ჩრდილოეთ კავკასიის სიახლოვეს მდებარეობს – მონაწილე სპორტსმენების სიცოცხლეებს საფრთხეს შეუქმნის და მსოფლიოს პირველ სპორტულ ღონისძიებას შელახავს,” – ნათქვამია წერილში.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა თქმით, ისინი ამ საკითხის დაყენებას 20-21 ნოემბერს სტამბოლში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე აპირებენ.

”არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი და ქართველი ოლიმპიელები გთხოვენ თქვენ განიხილოთ რამდენად შესაძლებელია XXII-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამართვა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა და რომელიც კვლავ განაგრძობს მისი ტერიტორიების ოკუპაციას,” – ნათქვამია წერილში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 21 ნოემბერს ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ საქართველოს მიერ ამ თემის წამოწევა ”პოლიტიზირებულია ნაბიჯია”.

2007 წელს საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის მცდელობას გამხდარიყო ოლიმპიური თამაშების მასპინელი ქვეყანა. მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა რუსეთს და  2007 წლის ივლისში განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშები დაეხმარება კავკასიის ერებს შორის სტაბილურობის, მშვიდობის და ურთიერთგაგების ხელშეწყობას. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)