ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტის დროებით კომისიას ჩვენება მისცა
ეკონომიკის მინისტრი ეკატერინე შარაშიძე აგვისტოს ომის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ 24 ნოემბერს დაკითხა.
ძირითადი საკითხი, რომლის მიმართაც კომისიის წევრებმა, კერძოდ კი კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა პაატა დავითაიამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს იყო დაზვერვის სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
ბეჟუაშვილმა 25 ოქტომბერს კომისიას განუცხადა, რომ მისმა სტრუქტურამ აცნობა ეკონომიკის სამინისტროს და ენერგეტიკის სამინისტროს საეჭვო ინვესტორის შესახებ, რომელიც საქართველოს ენერგო სექტორში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. იგი გულისხმობდა, რომ ამ შესაძლო საინვესტიციო გარიგების უკან რუსეთი იდგა.
ეს საკითხი კომისიამ 28 ოქტომბერსაც დააყენა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას დაკითხვისას. ლომაიამ განუცხადა კომისიას, რომ დაზვერვის სამსახურმა აგვისტოს ომის შემდეგ აცნობა ხელისუფლებას საქართველოს ენერგო სექტორში შესაძლო რუსული ინვესტიციების შესახებ. თუმცა, ლომაიამ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ ინფორმაციას სწავლობს.
ეს საკითხი კომისიამ კიდევ ერთხელ 12 ნოემბერს წამოაყენა, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე დაკითხა, რომელმაც უთხრა კომისიას, რომ ასეთი შეტყობინება დაზვერვის სამსახურმა ოქტომბერში გამოაგზავნა. ”ვფიქრობ, ეკონომიკის სამინისტრო უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით ამის შესახებ,” – განაცხადა გურგენიძემ.
24 ნოემბერს გამართულ მოსმენებზე ეკონომიკის მინისტრმა ეკა შარაშიძემ განუცხადა კომისიას ამ საკითხთან დაკავშირებით: ”ბოლო წლის მანძილზე [2008 წელს] ენერგოსექტორში არანაირი პრივატიზაცია არ მომხდარა [ერთადერთი პრივატიზაცია ამ სექტორში გასულ კვირას განხორციელდა, როდესაც კომპანია Energo-Pro-მ კახეთის ენერგოდისტრიბუცია შეიძინა 6.1 მილიონ აშშ დოლარად]. დაზვერვის უფროსი გულისხმობდა შესაძლო გარიგებას ერთ-ერთ კომპანიასთან ენერგო სექტორში. არა მგონია, რომ ახლა ღირდეს ამ კომპანიაზე საუბარი ან ამის შესახებ შეიძლება დახურულ სხდომაზე ვისაუბროთ,” – განაცხადა შარაშიძემ კომისიის სხდომაზე.
თუმცა, კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ უპასუხა, რომ კომპანიის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნება კონფიდენციალური და ეს საკითხი საჯაროდ უნდა იქნას განხილული. ”პრივატიზაცია თავისთავად საჯარო პროცესია,” – განაცხადა მან.
ამის საპასუხოდ ეკონომიკის მინისტრმა გაიმეორა, რომ წელს ენერგო სექტორში პრივატიზაცია არ განხორციელებულა. ”და შესაბამისად, არცერთ კომპანიას, რომელიც შეიძლება საეჭვო ყოფილიყო, არ მიუღია მონაწილეობა,” – განაცხადა მან. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იმ რუსულ კომპანიებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში მუშაობენ, მათ შორის ენერგო სექტორში, ქვეყნისთვის პრობლემები არ შეუქმნიათ.
შარაშიძის თქმით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ესაუბრა მას ამ წერილის შესახებ. ”ეს იყო საომარი პერიოდის შემდეგ გამოგზავნილი წერილი და ეხებოდა ენერგოსფეროში ერთ-ერთ გარიგებას. კონკრეტულად ეს წერილი ეკონომიკის სამინისტროში არ შემოსულა. ამ წერილის შინაარსი გამაცნო პრემიერ-მინისტრმა. წერილის შინაარსს არ გავცნობივარ პირადად, რადგან წერილი არ შემოსულა ეკონომიკის სამინისტროში. ეს არ ეხებოდა არანაირ პრივატიზებას და შესაბამისად ჩვენს სფეროსაც არ ეხებოდა,” – განაცხადა მან.
როდესაც დავითაიამ უთხრა მას, რომ დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისმა სტრუქტურამ გადაუგზავნა წერილი ეკონომიკის სამინისტროს, შარაშიძემ გაიმეორა, რომ მის სამინისტროს არ მიუღია წერილი და რომ მას ამ წერილის შესახებ სიტყვიერად აცნობა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა.
შემდეგ პაატა დავითაიამ ჰკითხა ეკონომიკის მინისტრს: ”ამრიგად თქვენ არაფერი იცით ამ კომპანიის შესახებ?”
”მე არ ვიცი, თუ რა შინაარსის იყო ეს წერილი,” – უპასუხა მან.
”თუ თქვენ არ იცით წერილის შინაარსის შესახებ, თქვენ არც უნდა იცოდეთ ამ კომპანიის შესახებ,” – განუცხადა დავითაიამ მინისტრს.
”დიახ, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ წერილი ეხებოდა ენერგო სექტორს და გარიგებას ამ სექტორში ერთ-ერთ ჩვენ მეზობელთან,” – უპასუხა შარაშიძემ. თუმცა, მანამდე მოსმენის დროს მან განუცხადა კომისიას, რომ მას არ მიაჩნია სწორად ამ კომპანიის შესახებ საჯარო განხილვაზე ისაუბროს და მზად იყო ეს დახურულ სხდომაზე გაეკეთებინა. ამის შესახებ კომისიას მისთვის შეკითხვები აღარ დაუსვამს.
თუმცა, დავითაიამ აღნიშნა, რომ კომისიამ ვერ შეძლო საკმარისი ინფორმაციის მიღება ამ საკითხზე და ამიტომაც უნდა მოიწვიოს ის ოფიციალური პირები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე დაკითხა კომისიამ მანამდე.
ქვემოთ მოცემულია შარაშიძის 25-წუთიანი ჩვენების ძირითადი პუნქტები:
- აგვისტოს მოვლენების მასშტაბები იყო წარმოუდგენელი, მაგრამ ამის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა აღმოჩნდა ბევრად უფრო სტაბილური და მდგრადი, ვიდრე წარმოგვედგინა;
- საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი მოვალეობა იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნორმალური ფუნქციონირების ზედამხედველობა;
- ჩვენ ვაკვირდებოდით, რომ ფასები პროდუქტებზე არ გაძვირებულიყო;
- სამინისტრო ასევე ჩართული იყო დევნილებისთვის დროებითი თავშესაფრების უზრუნველყოფაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)