ომის შემსწავლელმა კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუსმინა

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მოუსმინა.

ბაქრაძის გამოსვლა 1.5 საათს გაგრძელდა და ძირითადი ყურადღება კონფლიქტამდე განვითრებულ მოვლენებზე გამახვილდა, რომლის დროსაც, მისი თქმით, თბილისი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით დიპლომატიურ მცდელობებს ახორციელებდა. ბაქრაძე 2007–2008 წლებში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ხოლო 2008 წლის 5 მაისამდე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

კომისიის სხდომაზე საუბრისას მან ასევე უპასუხა კრიტიკას, რომელის მისი მისამართით გაისმა იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც 10 აგვისტოს გააკეთა. კერძოდ, მან მაშინ გააფრთხილა ზუგდიდის მოსახლეობა რუსული ძალების მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და ”ყველა არსებული საშუალებით წინააღმდეგობის გაწევისაკენ მოუწოდა”.

”მე აგიხსნით 10 აგვისტოს შუადღისას ჩემს მიერ გაკეთებული განცხადების მოტივაციას,”- განაცხადა მან, ”ამ დროს ჩვენ მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არსებობდა დადასტურებული მონაცემები რუსეთის შეიარაღებული ძალების ზუგდიდისკენ დაძვრის თაობაზე – ეს არის ის მომენტი, როცა ქართული ძალები გამოვიდნენ ცხინვალის რეგიონიდან და დაბრუნდნენ გორში და ეს არის ის მომენტი, როდესაც კონფლიქტი ლოკალიზებულია ჯერ კიდევ კონფლიქტის ზონაში –  ამ მომენტში რუსული შეიარაღებული ძალების შემოსვლა იქნებოდა საქართველოს სრულმასშტაბიანი ანექსიის პროცესის დასაწყისი. ანუ ეს აღარ იყო კონფლიქტის ზონებში მიმდინარე კონფლიქტი”.

ბაქრაძის განცხადებით, ასევე არსებობდა ოპერატიული, თუმცა ”დოკუმენტურად დაუდასტურებელი”, ინფორმაცია, რომ რუსულ ძალებთან ერთად ზუგდიდში აფხაზური ძალებიც შევიდოდნენ, თუმცა ”აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გაუბედაობის თუ ცუდი კოორდინირებულობის გამო რუსულ ძალებთან, ეს აღარ შედგა”.

”მე დღეს ვიღაცამ შეიძლება გამაკრიტიკოს, რომ ჩემი განცხადების გამო ზუგდიდში მოსახლეობა აღელდა და მათ სახლები დატოვეს. გეთანხმებით აღელდა და დატოვეს, მაგრამ როგორ შემეძლო მე როდესაც მქონდა ინფორმაცია, რომ არსებობდა მაღალი რისკი, რომ ზუგდიდში შევიდოდნენ რუსები, მათ შეყვებოდნენ აფხაზები და შესაძლებელი იყო დაწყებულიყო მოსახლეობის დარბევა და ეთნიკური წმენდა, როგორ შეგვეძლო ხელისუფლებას ეს არ გვეთქვა ჩვენი მოსახლეობისთვის და გაგვეწირა ჩვენი მოსახლეობა სისასტიკისთვის მხოლოდ იმის გამო, რომ 2 საათით მეტ ხანს ისინი ყოფილიყვნენ მშვიდად,”- აღნიშნა მან.

მისი თქმით, მისი განცხადების კიდევ ერთი სამიზნე იყო რუსეთი, რითაც გააფრთხილა, რომ მოსახლეობის დარბევის შემთხვევაში, დაიწყებოდა პარტიზანული წინააღმდეგობა და პროცესის ”ავღანიზაცია”.

”ის, რომ, საბოლოო ჯამში, არ მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა, ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი ესეც იყო,”- განაცხადა მან.

ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ მისი 10 აგვისტოს განცხადება იყო პრეზიდენტის მოწოდების გახმოვანება და ხელისუფლების საერთო პოზიცია.

ბაქრაძის გამოსვლის სხვა ძირითადი მომენტები:

  • ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართული მხარე მუდმივად მუშაობდა რუსეთის ფედერაციასთან, რომ მოგვეძებნა საერთო ენა და თავიდან აგვეცილებინა ასეთი დაპირისპირება, მუდმივად ვმუშაობდით სეპარატისტებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან.
  • ქართული მხარის სამშვიდობო გეგმები – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში – რუსეთის წინააღმდეგობის გამო ვერ ხორციელდებოდა.
  • აფხაზური მხარისგან ვიგებდით, რომ რუსეთი წინააღმდეგია მათი ნებისმიერი თანამშრომლობის თბილისთან.
  • მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზური ეთნოსის დაცვის გარანტიები არის მათ პრივილეგირებულ სტატუსში საქართველოს შემადგენლობაში. მე ეს ვუთხარი [აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრს სერგეი] შამბას სოხუმში სტუმრობისას.
  • [გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ] შტაინმაიერის გეგმამ აგვისტოს ბოლოსთვის გადაიწია მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ ეს გეგმა მივიღეთ და მზად ვიყავით შესრულება დაგვეწყო.
  • ჩვენ მზად ვიყავით, ნებისმიერ ფორმატში, ისეთ არაპოპულარულ ფორმატშიც კი, როგორიც იყო შსკ [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისია] გვეწარმოებინა დიალოგი.
  • მუდმივად ვცდილობდით რუსეთთან ორმხრივ მოლაპარაკებებს და მათ დათმობებზე წამოყვანას და ვცდილობდით პირდაპირი კონტაქტები გვქონოდა სეპარატისტულ რეჟიმებთან.
  • რეალურად, გაწერილად, მწყობრად ჩვენ რუსეთისგან არასდროს არ მოგვისმენია, თუ რა უნდოდა  საქართველოსგან. როდესაც ჩვენ ვცდილობდით გაგვეგო კონკრეტულად რაში არის რუსეთის ინტერესი, კონკრეტულად რას ეწინააღმდეგება საქართველო თავისი დღევანდელი პოლიტიკით? რატომ უქმნის საქართველო დისკომფორტს რუსეთს, არასდროს, სამწუხაროდ, მკაფიო სახით ჩვენ ეს წინადადებები არ მიგვიღია.
  • რაც შეეხება შესაძლო გაცვლას –  ნატო ან ტერიტორიული მთლიანობა  – არასდროს ეს საკითხი მკაფიოდ არ მდგარა. მაგრამ  იყო გარკვეული მინიშნება [რუსეთის ოფიციალური პირების], რომ ნუ თუ თქვენ გინდათ იყოთ პროდასავლურები, ამერიკის მოკავშირეები, მაშინ ჩვენ რატომ უნდა მოგეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში.
  • ჩვენ კი ყოველთვის ვუხსნიდით [რუსეთს] – ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტები იყო სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფალი არჩევანის უფლება, მათ შორის ნატოში მისწრაფების კუთხით – ეს იყო ჩვენთვის წითელი ხაზი.
  • ჩვენი ძირითადი სიგნალი იყო საერთაშორისო საზოგადოების მიმართ  – დაგვეხმარეთ გავაჩეროთ ეს პროცესი დღეს, რადგან ხვალ შეიძლება გვიანი იყოს. დაწყებული 2008 წლის მარტიდან ეს იყო ჩვენი დიპლომატიის ძირითადი მესიჯი.
  • ყველა ჩვენმა პარტნიორმა ღიად იცოდა რა ხდებოდა – ჩვენ ვაცნობებდით, რომ რუსეთს მიყავდა პროცესები ამ [კონფლიქტის] მიმართულებით.
  • ჩვენ ვაფიქსირებდით, რა იყო ჩვენთვის წითელი ხაზები: მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დარბევა, ჩვენ ვერ შევხედავდით გულხელდაკრეფილი ამ პროცესს; რუსეთის ფართომასტაბიანი სამხედრო აგრესია; და რუსეთის გრძელვადიანი სამხედრო ყოფნის დაწყების პროცესი კონფლიქტურ რეგიონებში. ეს უკანასკნელი უფრო მოსალოდნელი იყო, რადგან პირდაპირი აგრესიის ალბათობა ნაკლებად ჩანდა.
  • ამის თაობაზე ჩვენ  ვესაუბრებოდით პარტნიორებს როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. ყველას მხრიდან იყო გაგება, მაგრამ აქვე იყო გაფრთხილება, რომ ვყოფილიყავით ფრთხილად, რადგან რუსეთი იქცეოდა პროვოკაციულად და ამას არ წამოვგებოდით.
  • ვითარების ბოლომდე გამწვავებამდე ბევრი ქვეყნისთვის უფრო ხელსაყრელი იყო თვალების დახუჭვა იმაზე, რასაც რუსეთი აკეთებდა. აგვისტოს მოვლენებმა ნათლად გამოაჩინა რუსეთის რეალური სახე, რომ ის სიტყვას და საქმეს ერთმანეთისგან არ ანსხვავებს. რუსეთი დღეს წამსვლელია ბევრ ისეთ ნაბიჯზე, რაზეც ის არ წავიდოდა თუნდაც ერთი წლის წინ.
  • აგვისტოში ერთდროულად მოიყარა თავი რამდენიმე ფაქტორმა – ორი წითელი ხაზი გადაიკვეთა – მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაბომბვა და 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ შემოდიოდა რუსული კოლონა. ამ ორი ფაქტორის კომბინაცია იყო სწორედ ის, რაზეც პასუხის არ გაცემა არ შეიძლებოდა.
  • ომის დაწყებისას არ ვიმყოფებოდი საქართველოში და დავბრუნდი მაშინვე, როგორც კი გავიგე, რომ სიტუაცია იძაბებოდა – 8 აგვისტოს გამთენიისას ჩამოვედი.
  • 8-16 აგვისტოს პერიოდში პარლამენტი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)