საპარლამენტო კომისიაზე ბოკერიამ კიწმარიშვილის განცხადებებს უპასუხა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ 25 ნოემბერს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას განუცხადა, რომ რუსეთში ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებები არის ფაქტები, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.

ბოკერია კომისიამ საგანგებოდ გამოიძახა მას შემდეგ, რაც დღეს კიწმარიშვილი დაკითხა. მან უარყო ხელისუფლების წინააღმდეგ კიწმარიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები და განაცხადა, რომ მისი ელჩად დანიშვნა იყო ”შეცდომა”, ხოლო 12 სექტემბერს თანამდებობიდან გათავისუფლება ”გარდაუვალი”.

”მისი [კიწმარიშვილის] მოსკოვიდან გამოწვევის შემდეგ [ივლისში რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის აღიარების შემდეგ], ჩვენ მასთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია. მძიმე დღეებში საერთოდ არ გამოჩენილა და მე მისი არსებობაც აღარ მახსოვდა,”- განაცხადა ბოკერიამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კიწმარიშვილის ქმედებებისთვის ”თანამდებობრივი გულგრილობის” კვალიფიკაციის მინიჭება არასწორია. საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ კიწმარიშვილის დაკითხვის შედეგად განაცხადა, რომ ის აპირებს კომისიის სახელით მოითხოვოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საქმის აღძვრა ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით, რადგან იგი კომისიის სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციებს არ აწვდიდიდა ელჩობის დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ბოკერიამ ”აბსურდი” უწოდა კიწმარიშვილის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას ვაშინგტონისგან ”მწვანე შუქი” ჰქონდა კონფლიქტების ძალისმიერი მოგვარების თაობაზე.

”ჩვენი ამერიკელი პარტნიორების არაორაზროვანი გზავნილი იყო ყოველთვის, რომ რუსეთის ქმედებების მიუხედავად, არ წამოვგებოდი პროვოკაციებს,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, ასევე ”აბსურდია” კიწმარიშვილის განცხადება, თითქოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოში საქართველოს დედაქალაქის გადატანას აპირებდა სოხუმში.

ბოკერიას განცხადებით, ”რეალობის დამახინჯებაა” ყოფილი ელჩის ის განცხადებაც, რომ რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობას განაპირობებდა სააკაშვილისა და პუტინის პირადი დაპირისპირება.

”პრობლემა რუსეთთან საქართველოს ხელისუფლებას კი არ აქვს, არამედ საქართველოს,”- აღნიშნა მან, ”პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ძლიერი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველო არის მიუღებელი რუსეთისთვის”.

მან ასევე უპასუხა კიწმარიშვილის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენა აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობა. კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერას და ამის საფუძველზე ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზაციას სოხუმთან.

”ალასანიას მოლაპარაკებების ფარგლებში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ყოფილიყო მიბმული დევნილების დაბრუნებასთან. მწყობრი დოკუმენტი კი არ არსებობდა, ეს იყო იდეების მოსინჯვა, რაზეც აფხაზური მხრიდან სტოკჰოლმის შეხვედრაზე იყო უარი,”- განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმებასთან აუცილებელი იყო ასევე კონფლიქტურ რეგიონებში უსაფრთხოების რეჟიმის ანუ ”რუსეთის მონოპოლიის” გადახედვის და პროცესის ინტერნაციონალიზაციის საკითხების მიბმა, რაც საქართველოს ხელისუფლების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა.

ბოკერიამ გაიმეორა საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა განცხადებები, რომ რუსეთი არაფერ კონკრეტულს არ სთავაზობდა საქართველოს რაიმე შესაძლო კომპრომისის სანაცვლოდ, რომელიც შესაძლებელი იყო, თუმცა არა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

”ჩვენ მზად ვიყავით საღი აზრის პირობებში სერიოზული ვაჭრობისთვის, მაგრამ სანაცვლოდ [რუსეთისგან] ასეთ პასუხებს ვიღებდით: თქვენ ჯერ კარგად მოიქეცით და მერე ვნახოთ,”- განაცხადა მან. ”რუსეთიდან მუდმივი გზავნილი იყო: ჩვენ არაფერს არ გპირდებით, მაგრამ გამოდით კოდორის ხეობიდან, ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმებას მოაწერეთ ხელი და მერე ვნახოთ”.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში უკიდურესად დაძაბული იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, გაზაფხულიდან დაიწყო თვისობრივად ახალი ტალღა საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის  – ”მცოცავი ანექსიის ინსტიტუციონალიზაცია”.

ასეთ ვითარებაში, ბოკერიას განცხადებით,  პარტნიორი ქვეყნების ჩართვის მცდელობების მიუხედავად, დასავლეთის რეაქციამ დაიგვიანა და ”საერთაშორისო თანამეგობრობის ალარმიზაცია ვერ მოხერხდა”.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეეცადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისათვის ყველა შესაძლებლობა ”ამოწურულიყო” დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ. 

”რაში მდგომარეობდა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა? მაქსიმალური საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ყოფნა, კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია და მცდელობის გაგრძელება რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა მონახულიყო გამოსავალი, რომ მომხდარიყო ვითარების განმუხტვა იმ ილუზიის გარეშე, რომ პრობლემა საბოლოოდ მოგვარდებოდა,”- განაცხადა მან. ”თუმცა არანაირი მკაფიო გარანტიები, რომ ამ კონფლიქტს მოგვიგვარებდნენ, არ ყოფილა”.

მისი თქმით, მოვლენები აგვისტოს კონფლიქტამდე კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდებოდა და რუსეთმა დააჩქარა ვითარების გამწვავება.

მან ასევე აღნიშნა, რომ საკამათო არ არის ის ფაქტი, რომ 7 აგვისტოს გამთენიისას რუსული ძალები შემოდიოდნენ როკის გვირაბის გავლით, რაზეც საქართველოს მტკიცებულებები გააჩნია.

მან ასევე განაცხადა, რომ აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ არსებულ კრიტიკას ”თითქმის არ იზიარებს”.

ბოკერიას თქმით, იგი ომის დაწყებისას საქართველოში არ იმყოფებოდა. ”ჩემთვის ცნობილი გახდა 7 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში, რომ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და ამის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში,”- განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)