პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს კიწმარიშვილის ბრალდებებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სპეციალურ განცხადებაში კატეგორიულად უარყო რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის ბრალდებები, რომელიც მან ხელისუფლების წინააღმდეგ 25 ნოემბერს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გააჟღერა.
”მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კიწმარიშვილი წარსულში მთავრობაში მსახურობდა, მისი საქმიანობა არ მოიცავდა სამხედრო ან სტრატეგიულ საკითხებს და ამდენად, მისი განცხადებები, რომ ის მონაწილეობდა ამ ტიპის განხილვებში უბრალოდ არ არის მართალი,”- ნათქვამია განცხადებაში.
კიწმარიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირი იყო, განუცხადა კომისიას, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები განიხილავდნენ კონფლიქტურ რეგიონებზე კონტროლის ძალისმიერი გზით დამყარების გეგმებს და ის პირადად ესწრებოდა რამდენიმე ასეთ შეხვედრას პრეზიდენტთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.
”იგი მთავრობის წინააღმდეგ კრიტიკით დიდი ხნის შემდეგ გამოვიდა მას მერე, რაც ჩამოერთვა დიპლომატიურ სამსახურში ყველა უფლებამოსილება,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 26 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტით გაავრცელა, ”ამ კომისიისთვის მნიშვნელოვანია შეიმუშავოს სრული და ფაქტობრივი მტკიცებულებები მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე. სწორედ ამიტომაც იყო იმედგაცრუება ასეთი არაზუსტი განცხადებების სერიის მოსმენა კიწმარიშვილის დაკითხვისას”.
”ის ფაქტი, რომ მისი ჩვენება კომისიაზე, ისევე როგორც ყველა სხვა დაკითხვა პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ხაზს უსვამს საქართველოს ვალდებულებას ააშენოს მყარი და გამჭვირვალე დემოკრატია”.
კომისია, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია, ასევე მოუსმენს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს და შემდეგ, 28 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)