აგვისტოს ომის შემსწავლელმა კომისიამ თავდაცვის მინისტრს მოუსმინა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა დღეს აგვისტოს ომის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას ჩვენება მისცა. ჩვენების დროს მან გაამყარა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებების მიერ გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა 2008 წლის გაზაფხულიდან დაიწყო სამხედრო კონტინგენტის ზრდა სეპარატისტულ რეგიონებში. ამ კონტექსტში კეზერაშვილმა წაიკითხა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ 26 ნოემბრის მოსმენაზე მოწოდებული ინფორმაციის ანალოგიური ინფორმაცია.
თავის ჩვენებაში კეზერაშვილმა ასევე უპასუხა რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის მიერ 25 ნოემბეერს კომისიის სხდომაზე გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებას.
კერძოდ, კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ აპრილში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დროს, სადაც ასევე იყო კეზერაშვილი, მან გააფრთხილა სამხედრო ოპერაციის დაწყების წინააღმდეგ. კიწმარიშვილის თქმით, კეზერაშვილმა, სავარაუდოდ, განაცხადა შეხვედრაზე, რომ ”მომდევნო ოთხი წლის მანძილზე აღარ გვეყოლება ისეთი ძლიერი არმია, როგორიც ახლა გვყავს”.
”მე კიწმარიშვილი ნანახი მყავს მხოლოდ სამჯერ და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამ შეხვედრების დროს მე მასთან არ განმიხილავს რაიმე სამხედრო გეგმები,” – განაცხადა კეზერაშვილმა.
”ჩვენ არ გვქონია სეპარატისტულ რეგიონებზე სამხედრო თავდასხმის გეგმები; ასეთი გეგმები არ განხილულა,” – განაცხადა მან. ”თუმცა, ჩვენ გვქონდა გეგმა როგორ გვემოქმედა პროვოკაციის შემთხვევაში”.
კეზერაშვილმა ასევე უარყო კიწმარიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ სამხედრო ინსტრუქტორები ისრაელიდან ეხმარებოდნენ საქართველოს აფხაზეთზე თავდასხმის მომზადებაში. ”არც ერთ უცხოელს არ მიუღია არასდროს მონაწილეობა რაიმე ტიპის სამხედრო დაგეგმვაში,” – განაცხადა კეზერაშვილმა.
”ნამდვილად არ მინდა პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, მაგრამ მინდა ვთქვა ეს: ბატონი კიწმარიშვილის განცხადებები არის აბსოლუტურად ანალოგიური რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული განცხადებებისა,” – განაგრძო თავდაცვის მინისტრმა. ”ვფიქრობ, აბსოლუტურად ნათელია, რასთან გვაქვს საქმე”.
ქვემოთ მოცემულია კეზერაშვილის ჩვენების ძირითადი პუნქტები, რომელიც მან სხდომის ღია ნაწილში მისცა კომისიას:
- არანაირი რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს რაღაც მოქმედებები ან არ უნდა დაიწყოს მოქმედებები არსაიდან არ მოსულა. ასე ვთქვათ, ეს არის საქართველოს შიდა საქმე დაიცავს თავს თუ არ დაიცავს და შესაბამისად არსებობს საქართველოში სტრუქტურა, ორგანო – უშიშროების საბჭო, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მოქმედებასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ სამხედრო თვალსაზრისით;
- პრინციპში, მე შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანად ჩემი მინისტრობის პერიოდში, რა თქმა უნდა, არსებობდა ბევრი საუბრები იმის თაობაზე, რომ არის საფრთხე და ეს საფრთხე არსებობს, მაგრამ ყველაფერი შევიდა გადამწყვეტ ფაზაში, ჩემი აზრით, დაახლოებით გაზაფხულის დასაწყისში. უფრო კონკრეტულად 6 მარტს, მოგესხენებათ, როდესაც რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა [ვლადიმერ პუტინმა] გასცა განკარგულება და გამოვიდა ცალმხრივად დსთ-ს ხელშეკრულებიდან, რომელიც ითვალიწინებდა აფხაზეთისთვის, მათ შორის შეიარაღებაზე ემბარგოს;
- აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასროლილი იქნა მედესანტეთა პოლკი, რომელიც ასევე არ უნდა ყოფილიყვნენ იქ. დაიკავეს გარკვეული პოზიციები. ეს ყველაფერი ხდება დაახლოებით აპრილის თვეში;
- აპრილი-ივნისის პერიოდში რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვნად ზრდის მძიმე შეიარაღების რაოდენობას აფხაზეთში. მათ შორის კონფლიქტის ზონაში შეყვანილი არის საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები;
- ასევე აფხაზეთში შემოყვანილი იქნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ბატალიონი ”ვოსტოკი”. ეს ე.წ. ჩეჩნური ბატალიონი, რომლის ნაწილი შემდგომ იქნა შემოყვანილი ოსეთის ტერიტორიაზეც, ცხინვალში;
- ამავე პერიოდში აპრილ-ივნისის განმავლობაში რუსებმა აფხაზეთში შეიტანეს 3 ბუკის ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსი. დაახლოებით 40 D- 30 ტიპის ჰაუბიცა დამატებით, 10 ბემ- 30 გრადის სისტემა, მი-23 ვერტმფრენი;
- ტექნიკის მომსახურებისათვის აფხაზეთში აყვანილი იქნა 50 ავიაციის სპეციალისტი, 30 სამხედრო ექსპერტი, 100 კომუნიკაციის და საჰაერო თავდაცვის ექსპერტი;
- ეს ყველაფერი მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ ეს არის ღია ნიშნები სამხედრო ინფრასტურქტურის მშენებლობის. პარალელულარად მიმდინარეობდა ბაზების აღდგენა და მშენებლობა. მათ შორის ოჩამჩირის ტერიტორიაზე, მათ შორის, როგორ თქვენ იხილეთ სურათებით, ოსეთის ტერიტორიაზე ეს პარალელურად გრძელდება;
- ამავდროულად, აპრილ-ივნისის პერიოდში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ღებულობს მონაწილეობას დაახლოებით 8 წვრთნაში, საიდანაც სამი წვრთნის ძირითადი აქცენტი არის დესანტირების განხორციელება, რაც ასევე იყო გარკვეული ნიშანი;
- 26 მაისს რუსეთის დეფერაციამ აფხაზეთში გააგზავნა რუსეთის რკინიგზის ჯარები… რუსეთის შეიარაღებული ძალები ვერ გადაადგილდება, როგორც წესი ჩეულებრივი გზით, მათ აუცილებლად სჭირდებათ რკინიგზა. მათ გაარემონტეს და აღადგინეს რკინიგზა პრაქტიკულად გალამდე. ეს კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ რაღაც მზადება ხდება;
- გუდაუთში, ბომბორას სამხედრო ბაზაზე დაფიქსირდა რამდენიმე სუ-25-ის და სუ-27 ტიპის თვითმფრინავის აფრენა-დაშვება;
- 8 ივლისს აფხაზეთში განლაგებულ ბაზაზე დამატებით იქნა შეყვანილი სამხედროები, 4 ჯავშანტრანსპორტიორი და რამდენიმე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა;
- 20 ივლისს როკის უღელტეხილთან გადასროლილი იქნა საჰაერო-სადესანტო ჯარების ფსკოვის დივიზის ქვედანაყოფები;
- 25 ივლისს როკის უღელტეხილთან გადასროლილი იქნა ბუდიონოვსკის მოტომსროლელთა ბრიგადა, ნოვოროსიისკის მე-7 სადესანტო მოიერიშე დივიზიის, ვოლგოგრადის მე-20 მოტოსმროლელი დივიზიის ქვედანაყოფები. 28 ივლის სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს სამშვიდობო და ეუთოს დამკვირვებლებს, რომლებიც მოძრაობდნენ ზნაურის რაიონის მიმართულებით.
- 29 ივლისს პირველად ცხინვალის საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ სეპარატისტებმა დაიწყეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ქვეშ მყოფი ქართული სოფლების, სადაც განლაგებული იყვნენ სამშვიდობოები, დაბომბვა მსხვილკალიბრიანი არტილერიით. ეს ხდება პირველად. მანამდე როგორც წესი მსხვილკალიბრიანი არტილერია გამოყენებული ოსეთის მხრიდან არ ყოფილა. მე ვსაუბრობ 82 მმ-იანზე ზემოთ. აღნიშნული დაფიქისრებული იყო გენერალ მარატ კულახმეტოვის მიერ.
- 1 აგვისტოს ორი მართვადი ნაღმით ააფეთქეს საქართველოს პოლიციის თანამშრომლები. 2 აგვისტოს საღამოს ოსმა სეპარატისტებმა სოფლებიდან ხეთაგუროვო და უბიათი ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს ავნევს და ნულს, რის შემდეგაც დაზიანდა რამდემიმე საცხოვრებელი სახლი… ოსმა სეპარატისტებმა ქალაქ ცხინვალიდან ცეცხლი გაუხსნეს ნიქოზზსა და ერგნეთს. ხოლო ოსური ფრისიდან და სარაბუკიდან სოფელ ერედვს;
- როკის გვირაბის გავლით სამხეთ ოსეთის ტერიტორიაზე (3 აგვისტოს) შემოყვანილ იქნა 42 დივიზიის ცალკეული სადაზვერვო ბატალიონი. 4 აგვისტოს გვიან ღამით ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს სარაბუკის სიმაღლეზე განლაგებულ ქართულ სამშვიდობო საგუშაგოს რის შედეგად დაიჭრა ორი სამშვიდობო. სეპარატისტების მხრიდან ქართული სოფლების დაბომბვის ფაქტი დადასტურებულია რუსი გენერლის მარატ კულახმეტოვის მიერ;
- 4 აგვისტოს დასახლებულ პუნქტ ევბაქითასთან ტურბაზის ტერიტორიაზე დაფიქისრდა 1200 სამხედრო მოსამსახურე. 5 აგვისტოს არსებული ინფორმაციით 3 ტანკი და 2 სამხედრო სატვირთო მანქანა მიემართება ავნევის მიმართულებით. 5 აგვისტოს როკის გვირაბიდან შემოყვანილი იქნა 40 ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და ჯავშანტექნიკა. როკის გვირაბის გავლით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემიყვანილ იქნა 33-ე ბატალიონის ცალკეული სამთო-მსროლელი ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონი, სრული საბრძოლო ტექნიკითა და საბრძოლო მასალების კომპლექტაციით. გარდა ამისა ამ დღისათვის საქართველოს საზღვრებთან მობილიზებული იყო შემდეგი შენაერთები: 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის 135-ე და 693 მოტომსროლელი პოლკი, 76-ე საჰაერო მოიერიშე დივიზიის 104-ე და 234-ე საჰაერო მოიერიშე პოლკები. 98-ე სადესანტო დივიზიის 217-ე პარაშუტისტთა პოლკი და ცალკეული სპეცდანიშნულების რაზმები, 31-ე ცალკეული საჰაერო მოიერიშე პოლკი. 11 693 სამხედრო , 891 ერთეული ჯავშანტექნიკა, 138 ერთეული არტილერია.
- 2008 წლის 6 აგვისტოს დაახლოებით 16:00 საათზე სოფლებიდან ფრინევი, უბიათი და ხეთაგუროვო ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს ნულს და ავნევს;
- 7 აგვისტოს 9:25 წუთზე სეპარატისტების მიერ ოსური სოფლების უბიათისა და ხეთაგუროვოს მხრიდან ქართული სოფლების ავნევისა და ნულის მიმართულებით გაიხსნა საარტილერიო ცეცხლი სხვადასხვა სახის შეიარაღებებიდან, მათ შორის კონფლიქტის ზონაში აკრძალული D-30 ტიპის ჰაუბიცებიდან. საარტილერიო სროლა მიმდინარეობდა უწყვეტად მთელი დღის განმავლობაში. სოფელ ავნევიდან ოსმა სეპარატისტებმა ააფეთქეს ქართველ სამშვიდობოთა ჯავშანტრანსპორტიორი, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაიჭრა 5 ქართველი სამშვიდობო;
- 7 აგვისტოს დაახლოებით 23:10 საათზე მე ვესაუბრე პრეზიდენტს და მოვახსენე კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ და სამხრეთ ოსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის – ქართული სოფლებისა და ქართული სამშვიდობო პოსტების დაბომბვის თაობაზე. მან გამიზიარა თავისი პოზიცია, რომ უკვე შეუძლებელი იყო ამის ატანა.
- ქართულმა არტილერიამ ცეცხლი დაახლოებით 11:55 საათზე გახსნა 7 აგვისტოს
- განზრახვა იმის თაობაზე, რომ ჩვენ უნდა ძალისმიერი მეთოდებით აგვეღო რომელიმე სეპარატისტული ტერიტორია არ ყოფილა ჩვენს მიერ განხილული, თუმცა, რა თქმა უნდა, თავდასხმის შემთხვევაში, პროვოკაციების და საომარ მოქმედებებში გადაზრდის შემთხვევაში, ბუნებრივია, მსგავსი გეგმები მზადდებოდა;
- რაც შეეხება უკან დახევას – უკან დახევის გეგმები გარკვეუწილად არსებობდა… არ არსებობდა მომზადებული ზღუდეები უკან დასახევად. პრინციპში სამხედრო თვალსაზრისით იხილებოდა საკითხი, რომ რუსეთმა შეიძლება შემოუტიოს საქართველოს და ეს გეგმები კეთდებოდა, თუმცა რამდენად რუსეთი მზად იქნებოდა პოლიტიკურად მიეღო ეს გადაწყვეტილება, ამაში პირადად მე 7 აგვისტომდე დარწმუნებული არ ვიყავი და მე შემიძლია გითხრათ, რომ არა თუ მარტო მე, არამედ ამაში არ იყო დარწმუნებული არც ერთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფო… ყველა აცხადებდა, რომ შეუძლებელია 21-ე საუკუნეში რუსეთმა გადადგას ნაბიჯი და წამოვიდეს პირდაპირ ინტერვენციაზე საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, მინდა გავიმეორო სამხედრო თვალსაზრისით, ბუნებრივია, გეგმები კეთდებოდა;
- ჩვენი ჯარი იყო მზად ლოკალიზება მოეხდინა ნებისმიერი პრობლემის იმ ძალების მიმართებაში, რომელიც იყო სეპარატისტულ ტერიტორიებზე. ჩვენ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ იმ ჯარზე, რომელიც შემდეგ იქნა შემოყვანილი რუსეთის მხრიდან. ამას ჩვენ ნამდვილად არ ველოდებოდით. ეს შეიძლება ჩავთვალოთ ჩემს, ასე ვთქვათ, ნაკლადაც. მე არ გაურბივარ ამას. თუმცა ჩვენ მაშინ გორიდან თბილისამდე არ ავაშენეთ საფორტიფიკაციო ნაგებობები, არ ავაშენეთ ბლინდაჟები და იგივე არ გავაკეთეთ აფხაზეთიდან ქუთაისამდე. პრაქტიკულად ეს არ გაკეთდა იმის გამო, რომ მსგავსი ქმედებები არის დაკავშირებული გარკვეულ პანიკასთან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვთვლიდით ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო, ამიტომ ზედმეტი პანიკა არ შევქმენით.
- მე არ ვღებულობდი არანაირ გადაწყვეტილებებში არანაირ მონაწილეობას და დაგეგმარებაშიც არანაირ მონაწილეობას არ ვღებულობდი;
- მე ვიმყოფებოდი შვებულებაში 28 ივლისს და ჩამოვედი უკან 5 აგვისტოს გამთენიისას. 6 აგვისტოს მე ვიმყოფებოდი სენაკის ბაზაზე, როდესაც დაიძაბა სიტუაცია და დაიწყო ინტენსიური სროლები, იქიდან ჩამოვედი გორში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიყავი გორში და მიმდებარე ტერიტორიაზე;
- რაც შეეხება ისრაელის, ან ამერიკის ან ჩეხეთის ინსტრუქტორების მონაწილეობას ომში, მე მსგავსს ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ. საერთოდ იმ მომენტისთვის იქ არ ყოფილა არც ერთი უცხოელი. და დაგეგმარებაში, მითუმეტეს, არ ღებულობდა არც ერთი უცხოელი მონაწილეობას;
- იყო მსგავსი ფაქტი, როდესაც – მე მქონდა ინფორმაცია, რომ ჩვენი სამშვიდობოები იღუპებიან – მე ვუთხარი [საქართველოს პრეზიდენტს], რომ თუ შეიძლება მე გავხსნი ცეცხლს იმ კონკრეტული ადგილის მიმართულებით, საიდანაც ჩვენ გვესროდნენ. მაგ დროს მუშაობს სადაზვევრვო ჯგუფები და ჩვენ ვიცოდით სად იმყოფებოდნენ ის ნაღმტყორცნები. მე ვითხოვე, რომ თუ შეიძლება მოგვეცით საშუალება არტილერიით გავუხსნათ ცეცხლი და ჩავახშო ცეცხლი და გამოვიყვანო დაჭრილები;
- სამწუხაროდ კავშირგაბმულობასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა პრობლემები, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემები არ იყო ბრიგადის დონეზე. ჩვენ შეძენილი გვაქვს ყველაზე თანამედროვე კავშირგაბულობის საშუალებები მსოფლიოში. ამ კავშირგაბულობას იყენებს დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში და ნატოს ძალიან ბევრი წევრი ქვეყანა ავღანეთში… მისი ჩახშობა არის შესაძლებელი…. პრობლემები იყო მაღალ დონეზე, ამას მე ვერ დავმალავ, სამწუხაროდ, ეს ასე იყო. ამის გამო კავშირგაბულობის დეპარტამენტში მოხდა საკადრო ცვლილებები. მე ვერ ვიტყვი, რომ 80% ბრძანებების გაიცემოდა მობილურით, ეს ასე არ იყო;
- 9 აგვისტოს, როდესაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი [ვლადიმერ პუტინი] ჩაფრინდა ვლადიკავკაზში იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გადმოსროლილი ყოფილიყო კიდევ დამატებით შენაერთები, რომელიც შემდეგ უკვე 12-ში, 13, 14, 15-ში შემოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს იყო ის შენაერთები, რომელიც გამოვიდა უკვე იგოეთამდე და გავიდა ხაშურამდე;
- შემდგომ ვგებულობდით რუსი სამხედროებისგან, რომ 58-ე არმია პრაქტიკულად გავიდა იმიტომ, რომ დაიჭრა მათი მეთაური, იყო დემორალიზებული და აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება დამატებითი ძალები შემოეყვანათ;
- შორს მსროლელი არტილერია გამოყენებული იქნა მხოლოდ და მხოლოდ როკის გვირაბიდან ჯავამდე. ჩვენ არ ვიყენებდით ამ არტილერიას ცხინვალის წინააღმდეგ. ჩვენ არ გაგვისვრია არც ერთი ჭურვი ამ მიმართულებით. ეს არის კასეტური ბომბები, ეს იყო გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ;
- ეს არ იყო უკან გამოქცევა [ჯარის] არც ერთ შემთხვევაში. ეს იყო უკან დახევა, ეს იყო გააზრებული გადაწყვეტილება და ეს იყო გააზრებულად უკან დახევა;
- სამწუხაროდ, ჩემთვის ამ პროგრამამ [სარეზერვო სისტემის შესახებ] ვერ იმუშავა. ამაში არსებობს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები. ეს პროგრამა არის საკმაოდ ახალი გაერთიანებული შტაბისთვის…. თავიდან იყო გადაწყვეტილი, რომ ჩვენ უნდა მოგვემზადებინა წელიწადში 25 ათასი რეზერვისტი 5 წლის განმავლობაში… თუმცა ანალიზის შედეგად, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ომის შემდეგ, ეს დრო არ იყო საკმარისი მათ მოსამზადებლად. სამწუხაროა, რომ უშუალო მენეჯმენტმა, უშუალოდ მენეჯერმა, ვისაც ეს ეხებოდა – მე არ მინდა ვინმემ გაიგოს, რომ ვინმეს რამეს ვაბრალებ , მე არავის არაფერს ვაბრალებ, ამაში არის ჩემი გარკვეული დანაშაულიც თუ გნებავთ – ვერ მოახერხა სწორი მენეჯმენტი რეზერვისტების უშუალოდ კონფლიქტის დღეებში, ეს იყო დაბნეულობა და ეს იყო არაორგანიზებულობა, თუმცა ამას აქვს თავისი ობიერტური მიზეზიც, ეს გახლავთ ოფიცრების სიმწირე გვარდიაში. ორი წლის განმავლობაში, 2006 წელს მომზადებული იქნა დაახლოებით 8 ათასი რეზერვისტი, 2007-2008 წლებში მომზადებული იქნა 35 ათასი რეზერვისტი. აქედან 25 ათასი იქნა გადამზადებული და დახარჯული იქნა დაახლოებით 50 მლნ ლარი, მაგრამ არა მხოლოდ მომზადებაში. მე ვგულისხმობ შეიარაღებას, აღჭურვილობას და ყველაფერს ერთად – ბაზებს;
- რაც შეეხება რეზერვისტების ბრძოლაში ჩაბმას ან ამა თუ იმ პოზიციების დაკავებას, ამაზე ბრძოლის დროს ბრძანებას გასცემს უშუალოდ ოპერაციის ხელმძღვანელი;
- დიახ, ბრძანება იქნა გაცემული იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო თავი არიდებული უშუალოდ კონტაქტში შესვლაზე რუს სამშვიდობოებთან, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობდა რუსი სამშვიდობოების მიერ ცეცხლის გახნას საქართველოს შეიარაღებული ძალების მისამართით და ბუნებრივია, ეს არ გულისხმობდა, რომ მათ უნდა ესროლათ, დაეხოცათ ჩვენი ბიჭები და ჩვენ არაფერი გაგვეკეთებინა. ოპერაციის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში რუსი სამშვიდობოების ტერიტორიიდან უშუალოდ ცხინვალში გაიხსნა ცეცხლი 120 მმ ნაღმტყროცნებიდან… ძალიან ხშირად ცეცხლის კორექტირებას აკეთებდნენ სწორედ რუსი სამშვიდობოები, რომლებიც წინ იყვნენ წამოწეული;
- დაგეგმარებაში შეცდომები არ იყო, თუმცა ჩემი აზრი ამ შემთხვევაში ვერ იქნება კომპეტენტური, იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვარ სამხედრო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შემოვიდოდა ამხელა ჯარი, შეიძლებოდა სხვანაირად დაგეგმილიყო ყველაფერი, მაგრამ ჩვენ იმ მომენტისთვის ბუნებრივია, არ ვიცოდით. შესაბამისად დაიგეგმა ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რაც ვიცოდით 7 აგვისტოს;
- 8 აგვისტოს დილას, როდესაც დაიწყო ცხინვალზე შეტევა, გაიცა ბრძანება ცენტრალური მიმართულებით სპეცდანიშნულების რაზმების გასვლის შესახებ. 53 წუთში ცხინვალი იყო მთლიანად საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ. მთლიანად ვგულისხმობ ტერიტორიას, მე არ ვგულისხმობ შენობების გაწმენდას. იყო პატარ-პატარა ადგილები, სადაც ბუნებრივია იყო შეტაკებები… პრობლემები დაიწყო 9 აგვისტოს დილიდან, როდესაც [რუსეთის] ავიაციამ დაიწყო მასიური დაბომბვა და არტილერიამ დაიწყო მასიური დაბომბვა ცხინვალის. ამ შემთხვევაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოუწიათ რამოდენიმეჯერ უკან დახევა. დახევის შემდეგ უკან შესვლა უკვე ხდებოდა ძალიან რთულად, მე ორჯერ ვიყავი ცხინვალში შესული;
- რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ბრძოლაზე – მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არ იყო მარცხი, თუ ზოგადად შევაფასებთ – ეს მარცხი არ იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, საქართველოს ჰყავს თავისი ხელისუფლება, საქართველოს ჰყავს შეიარაღებული ძალები, საქართველოს ეკონომიკა არ არის დანგრეული და მისი დანარჩენი ტერიტორიები, ყოველ შემთხვევაში, ერთიანობა არ არის მორღვეული. რაც შეეხება კონკრეტულ ბრძოლას, ჩემი შეფასებით, ბუნებრივია ეს ბრძოლა იყო წაგებული. თუმცა, მე არ მგონია იმ ჯარით, რომელიც ჰყავდა საქართველოს, მეტსაც გეტყვით, რომელიც ჰყავს რეგიონში რომელიმე ქვეყანას, თუ არ ჩავთვლით რუსეთს, შეუძლია გაუწიოს წინააღმდეგობა ამხელა მასას, რომელიც მოდიოდა საქართველოში;
- იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც შეიარაღებული ძალებში სამსახური სურს, არ შემცირებულა აგვისტოს ომის შემდეგ;
- სულ 144 ჯარისკაცი იქნა მოკლული და 25 დაკარგულად ითვლება; 1 198 სამხედრო დაიჭრა.
- მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა თავდაცვის ინფრასტრუქტურამ და მე ამის შესახებ დეტალურად დახურულ სხდომაზე მოგახსენებთ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)