დროებითი საპარლამენტო კომისია პრეზიდენტ სააკაშვილს მოუსმენს

აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია 28 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილს მოუსმენს.

16:00 საათზე დაგეგმილ მოსმენაზე პრეზიდენტი სააკაშვილი, სავარაუდოდ, ომის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრებს.

”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი ნაბიჯი, არა მარტო იმიტომ, რომ ეს საქართველოს საზოგადოებას დაეხმარება მიიღოს პასუხები, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ახალი სტანდარტი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის კომისიაზე მისვლის წინ.

სააკაშვილმა უკვე გააკეთა მოვლენების საკუთარ ვერსიის შესახებ ვრცელი მოხსენება 25 აგვისტოს დეპუტატებთან შეხვედრისას.

ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის ან ყოფილი წარმომადგენლის ჩვენება კომისიაში სწორედ სააკაშვილის 25 აგვისტოს მოხსენების ძირითადი პუნქტების შესაბამისი იყო.

გამონაკლისს შეადგენდა მხოლოდ რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის ინფორმაცია.

მან განუცხადა კომისიას 25 ნოემბერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ემზადებოდა ომისთვის საქართველოს წინააღმდეგ და ცდილობდა თბილისის პროვოცირებას, ოფიციალური თბილისი ასევე გეგმავდა ძალის გამოყენებას სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენის მიზნით.

კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა პაატა დავითაიამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ კომისია სხვა საკითხებთან ერთად ასევე დაუსვამს პრეზიდენტს კითხვებს კიწმარიშვილის მიერ გახმოვანებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის ჩვენების შემდეგ კომისია მოსმენებს დაასრულებს და დასკვნების მომზადებას შეუდგება.

თუმცა, ზოგიერთმა წევრმა გამოთქვა აზრი მოსმენების გაგრძელების და სამხედრო ექსპერტების მოსმენის თაობაზე. ”არა მგონია, რომ კომისიამ უნდა დაასრულოს მოსმენები მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს მოუსმენს,” – განაცხადა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიიდან.                     

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)