ომის დაწყების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო – ბადრი ბიწაძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე აცხადებს, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო. 

გაზეთ ”რეზონანსში” 29 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბიწაძე ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებთა ვინაობასაც ასახელებს: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია, კახა ლომაია და გიგი უგულავა.

”არავითარი მწვანე შუქი არც ერთი ქვეყნიდან არ ყოფილა ანთებული. ძალიან მარტივად მოხდა ეს ყველაფერი. ერთ მშვენიერ დღეს ამ ხალხმა გადაწყვიტა, რომ ასე უნდა ყოფილიყო,”  – აცხადებს ბიწაძე ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, სააკაშვილი დარწმუნებული იყო გამარჯვებაში და უსმენდა მხოლოდ იმას, ”ვინც ეთანხმებოდა”.

”ცხინვალის გზაზე ვიყავით მე და 250 მესაზღვრე. დროშებით სავსე ორი ავტობუსი მიდიოდა ცხინვალისკენ… დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ აუცილებლად მეორე დღეს მიტინგი ჩატარდებოდა ცხინვალში და ჩვენ ვიზეიმებდით ცხინვალის რეგიონში ქართული იურისდიქციის აღდგენას,”- აცხადებს ბიწაძე.

როცა ჟურნალისტმა ჰკითხა მას, ხომ არ დაადანაშაულებენ ამ განცხადებების გამო რუსეთთან ალიანსში, ბიწაძემ უპასუხა: ”ვინც ამას იტყვის, მერე თვითონ არ აღმოჩნდეს რუსეთის აგენტი. იმიტომ, რომ ის რაც დღეს მოხდა და რა გადაწყვეტილებაც მიიღეს ხელისუფლებაში, ყველაზე ძალიან აწყობდა რუსეთს”.

მისი თქმით, რთულია იმ ”ტყუილების” მოსმენა, რასაც აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიაზე ლაპარაკობენ, რადგან ”მე უბრალოდ დავესწარი ამას ყველაფერს, რომელ წუთში რა დროს რა იყო. ეს ყველაფერი ვიცი”.

”მე არ დამიძახეს ამ კომისიის სხდომაზე. მაგრამ მე ჩვენებას აუცილებლად მივცემ ევროკავშირის კომისიას,”- განაცხადა მან, ”ვერცერთი ხელისუფლება ვერ მოახერხებს იმას, რომ სიმართლე დაიმალოს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ”.

მან ასევე განაცხადა, რომ აქტიურად ერთვება პოლიტიკაში მის მეუღლესთან ერთად. ნინო ბურჯანაძემ თავისი ოპოზიციური პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა, რომ მისი მიზანია ხელისუფლების შეცვლა რიგგარეშე არჩევნების გზით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)