მგალობლიშვილი და ტყეშელაშვილი ბრიუსელში გაემგზავრნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი ბრიუსელში გაემგზავრნენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანასთან, საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისართან ბენიტა ფერეფო-ვალდნერთან და ევროკავშირის სხვა ოფიციალურ პირებთან.
გამგზავრებამდე ეკა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2-3 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
მისი თქმით, მინისტერიალის კომუნიკეს მიღების წინ საქართველოს ამ კომისიის სხდომაზე ექნება შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს სურვილი ნატოში მისწრაფების თაობაზე.
ნატომ აპრილის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მისწაფებას პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა, თუმცა ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხის განხილვა დეკემბრის მინისტერიალისთვის გადადო.
როგორც ჩანს, მინისტერიალი ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს და კვლავაც თავს შეიკავებს MAP-ის მინიჭებისაგან. ვაშინგტონმა, რომელიც გერმანიისაგან და საფრანგეთისგან განსხვავებით დაჟინებით მოითხოვდა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას დეკემბერში, შეარბილა პოზიცია და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს, სავარაუდოდ, შესთავაზებენ არა MAP-ს, არამედ მის ალტერნატიულ ვარიანტს, რომლის შინაარსიც ჯერ-ჯერობით უცნობია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)