ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი რუს სამხედრო მეთაურს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი 2 დეკემბერს რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილეს ვალერი ევნევიჩს შეხვდა.

შეხვედრა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ერგნეთში გაიმართა, მიზნად ისახავდა იმ მცდელობების განხილვას, რომელიც ყველა მხარის მონაწილეობით ერთობლივი სამართალდამცავი მექანიზმების ამუშავებას ეხება, განაცხადა მისიამ.

19 ნოემბერს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეები ინციდენტების აღკვეთის და მართვის მექანიზმების შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

”ორივე მხარემ [ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა და რუსეთის სამხედრო მეთაურმა] შეშფოთება გამოხატეს სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის გამო და ხაზი გაუსვეს 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობას,” – განაცხადა ევროკავშირის მისიამ. ”მიღწეულია შეთანხმება, რომ გაიმართოს მომდევნო შეხვედრები, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)