ნატო საქართველოსთვის საჭირო რეფორმებს ასახელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. ფოტო: ნატო
|
ნატომ განაცხადა, რომ ყურადღებით დააკვირდება საქართველოს რეფორმებს თავდაცვის და პოლიტიკურ სფეროებში და პირობა დადო, რომ ალიანსი მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ქვეყანას ამ პროცესში.
ალიანსის თქმით, ეს დახმარება განხორციელდება ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ”რომელიც მთავარ როლს თამაშობს იმ პროცესის ზედამხედველობაში”, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე ჩაეყარა, როდესაც ნატოს ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო ოდესმე გახდება ალიანსის წევრი.
საქართველოში რეფორმების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შემუშავდება ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელსაც ასევე ყოველწლიურად განიხილავენ ნატოს მოკავშირეები.
ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 3 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბა.
”მათ [ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა] აღნიშნეს საქართველოს მცდელობა განაგრძოს არჩევნების, პოლიტიკური პლურალიზმის და სასამართლოს პროფესიონალიზმის და დამოუკიდებლობის გაუმჯობესება,” – ნათქვამია კომისიის სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე მოუწოდეს საქართველოს ”განაგრძოს უფრო ღრმა რეფორმების განხორციელება, კერძოდ საარჩევნო რეფორმის, ხელისუფლებაში გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების, მედიის თავისუფლების და კანონის უზენაესობის კუთხით”.
”ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ საქართველოს განაგრძოს რეფორმები თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში, და ეს დაიწყოს აგვისტოს ომის შედეგად მიღებული გაკვეთილების შესწავლის პროცესით და შემდეგ ეს გაკვეთილები გაითვალისწინოს უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტების დეტალური გადახედვის დროს,” – ნათქვამია განცხადებაში.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს მცდელობები, რათა გააუმჯობესოს სამხედრო პერსონალის მართვის სისტემა; თავდაცვის ბიუჯეტის გამჭირვალობა და შეიარაღებული ძალების ურთიერთავსებადობა ნატოს ძალებთან.
”მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა დაეხმარონ საქართველოს თავდაცვის სისტემაში რეფორმების განხორციელების საქმეში,” – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, კომისიის სხდომის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების ”განახლებულ მცდელობებს” დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ნატოში ინტეგრაციასთან დაახლოებას ისახავს მიზნად.
ტყეშელაშვილმა ასევე მოუწოდა ნატოს წევრ სახელმწიფოებს დახმარებისკენ, რათა უზრუნველყონ რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების შესრულება და კიდევ ერთხელ დაადასტურა თბილისის ”სურვილი სრულად და გამჭირვალედ მიიღოს მონაწილეობა” აგვისტოს ომის საერთაშორისო გამოძიებაში.
კომისიის სხდომაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი გმობენ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ხაზი გაუსვეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების ”სრულად შესრულების” აუცილებლობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)