ეუთო საქართველოს საკითხს განიხილავს

აგვისტოს ომი საქართველოში და ევროპაში უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება იქნება მთავარი განსახილველი საკითხები ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ორდღიანი შეხვედრის დროს, რომელიც ჰელსინკში 4 დეკემბერს იხსნება.

ფინეთი, 56-წევრიანი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა, რომელიც მომავალი თვიდან თავმჯდომარეობას საბერძნეთს გადასცემს, იმედოვნებს, რომ საბჭოს სხდომაზე მიღწეული იქნება შეთანხმება ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაციის თაობაზე – ბოლო ამგვარი შეთანხმება პორტუგალიაში 2002 წელს მოხერხდა.

დიპლომატებმა ჰელსინკში განაცხადეს, რომ დეკლარაციაში არის პუნქტი საქართველოს შესახებ, თუმცა მის ტექსტზე მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.

”დეკლარაციაში ჩვენ მოვიხსენიებთ კონფლიქტს საქართველოში ამა თუ იმ ფორმით,” – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ იგი უკან გამოიწვევს დოკუმენტს, ”თუ დავინახავ ამ დეკლარაციის რაიმე შერბილებას, თუნდაც თუ იქნება რაიმე მინიშნება ეუთოს ძირითადი პრინციპების შერბილებაზე – იქნება ეს ადამიანის უფლებები, დემოკრატია თუ ძალის არგამოყენება კონფლიქტის მოგვარებისას.”

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დღის წესრიგის ნაწილს არ წარმოადგენს,  დიპლომატები საბჭოს ფარგლებში არაფორმალურად ასევე განიხილავენ საქართველოში ეუთოს მისიის მანდატს.

მოსკოვი დაჟინებით ითხოვს საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის მოდიფიცირებას. რუსეთის თქმით, საჭიროა ახალი მანდატი მისიისთვის, რომელიც იმ ახალ რეალობებს ასახავს, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ წარმოიშვა. რუსი დიპლომატები მოითხოვენ ცალკე მანდატს ეუთოს საველე ოფისისთვის სამხრეთ ოსეთში, რომელიც თბილისის ოფისისგან დამოუკიდებელი იქნება. ამ საკითხის მოგვარებაზე იქნება დამოკიდებული შეძლებენ თუ არა ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები ცხინვალში დაბრუნებას. არსებული მანდატის მიხედვით, ეუთო უფლებამოსილია ჰყავდეს რვა დამკვირვებელი ცხინვალის საველე ოფისში; ეუთომ თავისი პერსონალი ცხინვალიდან აგვისტოს ომის დაწყებისთანავე გამოიყვანა.

”ჩვენ გვაქვს რამდენიმე წინადადება იმაზე, თუ როგორ განვაახლოთ მანდატი, რომლის ვადაც 31 დეკემბერს იწურება; მაგრამ ეს საკითხი მოლაპარაკებების მონაწილეებმა უნდა გადაწყვიტონ თავიანთი შეხედულებისამებრ,” – განაცხადა სტუბმა.

”ეს წინადადებები საკმაოდ კარგია და იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ საერთო მოგვარებას,” – დასძინა მან.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიკი ტალვიტიე 8 დეკემბერს მოსკოვს ეწვევა და ამ წინადადებებს რუს კოლეგებთან განიხილავს.

"ვენ უნდა განვაახლოთ მანდატი და ეს რთული იქნება იმიტომ, რომ განსხვავებულ პოზიციები არსებობს იმასთან დაკავშირდებით, როგორ უნდა მოხდეს ეს. ამ საკითხზე მოლაპარაკებას დავიწყებმომავალი კვირიდან მოსკოვი. აქაც მავს მოლაპარაკებები რუსეთის დელეგაციასთან; ასევე ევროკავირის, ამერიკის დელეგაციებთან" განუცხადა ჰეიკი ტალვიტიემ ჟურნალისტებს ჰელსინკში.

”ჰელსინკის შეხვედრაზე რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული [მანდატთან დაკავშირებით],” – განუცხადა ჟურნალისტებს ჰელსინკში მყოფმა ტერი ჰაკალამ, საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა, ”ჩვენ გვექნება კონსულტაციები და შემდგომ ვენაშიც [ეუთოს შტაბბინაში] განვაგრძობთ, ამრიგად ნუ ელოდებით რაიმე შედეგებს მისიის მანდატთან დაკავშირებით; ეს უფრო შობის პერიოდში იქნება”.  

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა განაცხადა, რომ მისი ბერძენი კოლეგის დორა ბაკოიანისის მსგავსად, მას მიაჩნია, რომ ეუთოს უნდა ჰყავდეს დამკვირვებლები ცხინვალის რეგიონის შიგნით. მისი თქმით, დამკვირვებლების იქ ყოფნა დაეხმარება რეგიონში სროლების ინციდენტების შესახებ ცნობების გადამოწმებაში.

"ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ [ამ კუთხით]," – განუცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ”როიტერს” 4 დეკემბერს. ”იქ უნდა იყვნენ ეუთოს დამკვირვებლები, ჩვენ უნდა გვქონდეს სრული, რეალისტური სურათი იმისა, თუ რა ხდება სინამდვილეში. თუ ყველა გამოხატავს კეთილ ნებას, ჩვენ გამოვძებნით მოგვარების გზას”.

ამჟამად, ეუთოს დამკვირვებლებს შეუძლიათ ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე გააკონტროლონ სიტუაცია. როგორც იშვიათი გამონაკლისი, ეუთოს დამკვირვებლებს გასულ კვირას ჰქონდათ შესაძლებლობა სოფელ პერევში შესულიყვნენ, სადაც ეუთოს პატრულს რუსი სამხედროებიც ახლდნენ. საჩხერის რაიონის სოფელ პერევში რუსული საგუშაგოა განთავსებული.    

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)