ნათელაშვილი ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგია
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სწრაფვა გახდეს ნატოს წევრი, ქვეყანას ტრაგიკულ შედეგებს მოუტანს.
მისი თქმით, ქვეყნისთვის არასწორი სტრატეგიაა ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაერთიანება.
”ის ფაქტი, რომ ქვეყანა დაიშალა სამ ნაწილად, მინიმუმ ჯერ-ჯერობით, გამოწვეულია სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის პათოლოგიური სწრაფვით ნატოში და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების სტრატეგიით, სადაც ჩვენ წევრობა კი არა, კანდიდატობაც კი ვერ მივიღეთ,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნათელაშვილმა.
მისი თქმით, ამ პოლიტიკის შედეგად ”დავიმსახურეთ რუსეთის ინტერვენცია”.
ლეიბორისტების ლიდერის განცხადებით, საქართველოში უნდა მოვიდეს დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელიც ”არ იქნება მართული არც ვაშინგტონიდან, არც მოსკოვიდან და არც ბრიუსელიდან”.
შარშან ოქტომბერში ლეიბორისტულმა პარტიამ ხელი მოაწერა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მიმართვას ნატოსადმი, სადაც მხარი დაუჭირა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის კურსს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)