აგვისტოს ომამდე ეუთო საკმარისად აფრთხილებდა – ეუთოს გენერალური მდივანი

ეუთოს გენერალურმა მდივანმა მარკ პერინ დე ბრიშამბომ განაცხადა ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ჰელსინკში 4 დეკემბერს, რომ ეუთოს ”წინასწარი გაფრთხილება დაძაბულობის ზრდის თაობაზე იყო საკმარისი და რეგულარული” სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დაწყებამდე.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ აგვისტოში, ომის დაწყების შემდეგ, ”ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული წინასწარი გაფრთხილების და კონფლიქტის თავიდან აცილების კუთხით გაწეული მუშაობის შესაძლებლობები შეზღუდული იყო”.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრმა სტუბმა განაცხადა მინისტერიალზე გამოსვლისას, რომ ორგანიზაციის გაფრთხილებას არ მიაქციეს ყურადღება, ”ისევე როგორც 20 წლის უშედეგო მცდელობებს კონფლიქტის მოგვარების კუთხით, ვიდრე ის ძალადობაში გადაიზრდებოდა”.

ნოემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეუთომ, რომელსაც სამხედრო დამკვირვებლები ჰყავს ადგილზე, ვერ მოახერხა მოახლოებული კონფლიქტის შესახებ წინასწარ გაფრთხილება. 

ეუთოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ გაზაფხულზე ვენაში სიღრმისეული დებატები გაიმართა  კრიზისის მართვის მექანიზმებზე.

”ივლისის დასაწყისში ეუთოს ელჩების ჯგუფი სტუმრობდა კონფლიქტის ზონას. საქართველოში ეუთოს მისია განაგრძობდა მონიტორინგის განხორციელებას კონფლიქტის ზონაში და ხელს უწყობდა ნდობის აღდგენას ეკონომიკური რეაბილიტაციის გზით,” – განაცხადა მან.
  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)