ნატოს გადაწყვეტილება ”ზომიერი პროგრესია” საქართველოსთვის – ფრიდი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა განაცხადა, რომ ”ჩვენ ნატოში მივაღწიეთ გარკვეულ პროგრესს – ზომიერ პროგრესს – თუმცა ჩვენ მივდივართ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის მიმართულებით”.

მისი თქმით, ახლა საქართველოზეა დამოკიდებული გაატაროს ის რეფორმები, ”რომლებიც მან უნდა განახორციელოს”.

ფრიდმა ეს კომენტარი 5 დეკემბერს ჰელსინკში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა ქართველი ჟურნალისტებისთვის.

ფრიდმა ასევე განაცხადა, რომ სამიტის დეკლარაციის ტექსტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

”დელეგაციების უმრავლესობა, ფაქტიურად ყველა ევროპული დელეგაცია, ვფიქრობ ქართველები, ამერიკელები, მზად არიან მიიღონ პროექტის ბოლო ვარიანტი, რომელიც არ არის სრულყოფილი… მაგრამ მიუხედავად ამისა, იმისათვის, რომ გვქონდეს დეკლარაცია, ჩვენ მზად ვართ მას დავუჭიროთ მხარი, თუმცა არის ერთი დელეგაცია დიდი ქვეყნიდან, რომელიც არ არის ამისთვის მზად,” – განაცხადა ფრიდმა. მას, სავარაუდოდ, მხედველობაში რუსეთის დელეგაცია ჰყავდა.

”ჩვენ ძალიან ახლოს ვიმუშავეთ ჩვენს ქართველ კოლეგებთან; მათ ესმით, რომ ეს ტექსტი არასრულყოფილია, მაგრამ ჩვენ ერთად კარგად ვმუშაობთ,” – დასძინა მან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)