ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთთან ურთიერთობების შესახებ

საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ”სტრატეგიული ვექტორი”, მათ შორის ევრო-ატლანტიკული ინტეგრაციისკენ არ შეიცვლება.

რუსულ გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში, რომელიც 8 დეკემბერს გამოქვეყნდა, ვაშაძემ, რომელსაც ორმაგი ქართულ-რუსული მოქალაქეობა აქვს, განაცხადა, რომ თბილისის მთავარი პრიორიტეტები რუსეთთან მიმართებაში კვლავ უცვლელი რჩება.

როდესაც მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა იმ ვარაუდებთან დაკავშირებით, რომ მისი დანიშვნა შესაძლოა იყოს სიგნალი თბილისის პოლიტიკის შემობრუნებისა რუსეთთან ურთიერთობებში, ვაშაძემ უპასუხა: ”რას ნიშნავს მოსკოვის მიმართ პოლიტიკის შეცვლა? ჩვენ არასდროს მოგვითხოვია ის, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის. 2003 წლიდან მოყოლებული საქართველო იმეორებს: ყველა პრობლემა შეიძლება მოგვარდეს; ყველა სასიცოცხლო ინტერესი უნდა იქნას გათვალისწინებული. მხოლოდ სამი ფუნდამენტალური პრინციპი არ განიხილება: საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ყველაფერი დანარჩენი შეიძლება მოგვარდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან”.

მან ასევე განაცხადა, რომ მას კვლავაც აქვს კონტაქტები რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენლებთან. ”რუსეთის საგარეო უწყების ზოგიერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩემი მეგობარია. მაგრამ მათ ვერ დავასახელებ,” – განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე არ უპასუხა კითხვას მოსალოდნელი იყო, თუ არა მისი პირდაპირი კონტაქტი რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან.

კითხვაზე შესაძლებელი იყო თუ არა ორ ქვეყანას შორის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ვაშაძემ უპასუხა: ”შესაძლებელია, მაგრამ არასდროს არ იქნება [რუსეთის] სამი საელჩო ქართულ მიწაზე”. რუსეთმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მათი აღიარების შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და სოხუმსა და ცხინვალში ელჩები დანიშნა. 

”რუსეთმა თავად შეიყვანა საკუთარი თავი ამ ჩიხში,” – განაცხადა ვაშაძემ. ”მაგრამ ჩვენ, რუსეთთან ხელიხელჩაკიდულებმა, მზად ვართ ამ სიტუაციიდან გამოსავალი მოვძებნოთ”.   

ვაშაძე, რომელიც დაახლოებით 30 წლის მანძილზე ცხოვრობდა რუსეთში, 1981-1988 წლებში საბჭოთა საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. დიპლომატიური სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ის კერძო ბიზნესში დასაქმდა, სანამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შესთავაზა.

”მე რუსეთის მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მივიღე და კვლავ მაქვს ეს მოქალაქეობა,” – განაცხადა ვაშაძემ. ”2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით მივიღე საქართველოს მოქალაქეობა”.

კითხვაზე უნდოდა თუ არა მას აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა, ვაშაძემ უპასუხა: ”არა, მე არ მაქვს რუსეთის ხელისუფლების მოქალაქეობა. მთავრობა წავა, მაგრამ რუსეთი და რუსი ხალხი დარჩება და ისინი სწორ შეფასებებს მისცემენ იმას, თუ რა მოხდა აგვისტოში”.

ინტერვიუში ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია ”დემოკრატიის აშენება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე”. 
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)