საქართველოს თავდაცვის ხაზი ენერგეტიკაზე გადის – სააკაშვილი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა სრულად მობილიზებული შეხვდეს ენერგოსისტემა ზამთარს იმ შემთხვევაშიც კი, თუ განხორციელდება ენერგოსაბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ.
მან ასევე განაცხადა, რომ ”რუსეთს რა პოლიტიკური გართულებებიც არ უნდა ჰქონდეს, მის ინტერესებში არ შედის საქართველოსთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტა”.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს გაზმომარაგება მხოლოდ 10%-ით არის დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე, რომელსაც საქართველო სომხეთში განხორციელებული ტრანზიტის საფასურად იღებს. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი არ წავა იმაზე, რომ სომხეთს გაუთიშოს გაზი.
მან ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრთან ალექსანდრე ხეთაგურთან, პრემიერ გრიგოლ მგალობლიშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მოისმინა ზამთრისთვის ენერგოსისტემის ”მდგრადობაზე” ინფორმაცია.
”პირდაპირ რომ ვთქვათ, საბოტაჟი თუ განხორციელდა, ჩვენ მაზუთზე შეგვეძლება ავარიულ რეჟიმში ვამუშაოთ ჩვენი ენერგეტიკა?”- ამ კითხვაზე პრეზიდენტმა ენერგეტიკის მინისტრის დადებითი პასუხი მიიღო.
”ფორსმაჟორებისაგან და ისეთი აფეთქებებისაგან, რომელიც 2006 წელს განახორციელა რუსეთის მხარემ, დაზღვეული არავინ არ არის, მაგრამ თავიდან ბოლომდე სისტემა მზად არის იმისათვის, რომ ასეთ სირთულეებსაც გაუმკლავდეს,”- განუცხადა ხეთაგურმა პრეზიდენტს.
სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ზამთარში ”ყველაზე მთავარი უსაფრთხოების საკითხი” საქართველოს ელექტროენერგიით და გაზით მომარაგებაა.
”ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი არაფერი, რაც იყო 90-იან წლებში, არ განმეორდეს… იმიტომ, რომ ამაზეა დამყარებული ჩვენი გრძელვადიანი პერსპექტივა,”- განაცხადა მან, ”საქართველოს თავდაცვის ხაზი დღეს გადის განათებულ სახლებზე, მომუშავე საწარმოებზე, გამთბარ სკოლებზე, გამთბარ საავადმყოფოებზე, კმაყოფილ საზოგადოებაზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)