ეუთოს საპატრულო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს
დღეს 17 საათზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის კუთვნილ ბრონირებულ ავტომანქანას, რომელიც პატრულირებას აწარმოებდა, ქართულ სოფელ ხვითის მახლობლად ცეცხლი გაუხსნეს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ამავე ინფორმაციით, ცეცხლი ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიხსნა.
ეუთოს მისიამ საქართველოში დაადასტურა, რომ ინციდენტს მართლაც ჰქონდა ადგილი, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
”ინციდენტი შეემთხვათ ეუთოს უიარაღო დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლებს,” – განუცხადა ეუთოს მისიის წარმომადგენელმა მართა ფრიმენმა Civil.Ge-ს. ”დეტალები დგინდება”.
ეუთოს მისიამ და შსს-მ, ორივემ განაცხადეს, რომ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ქართულმა ტელეკომპანიებმა უჩვენეს ეუთოს საპატრულო მანქანის კადრები, რომელსაც ნატყვიარები ჰქონდა.
ადგილობრივი პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განაცხადა, რომ ეუთოს მანქანას ათი ტყვია მოხვდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)