ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეები სოხუმს სტუმრობდნენ

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელმა, საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა იოჰან ვერბეკემ და ეუთოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის საბერძნეთის წარმომადგენელმა ხარლამპოს ხრისტეპოლუსმა 10 დეკემბერს სოხუმში ჟენევის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გამართეს.

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სოხუმი მზადაა მონაწილეობა მიიღოს ჟენევაში 17-18 დეკემბერს დაგეგმილ მოლაპარაკებებში.  ”ვაპირებთ აქტიურად ვიმუშაოთ დღის წესრიგის საკითხებზე,”- იუწყება ”აფსნიპრესი” შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.

ჟენევაში ბოლო შეხვედრა 18-19 ნოემბერს გაიმართა და ის მხარეებმა დადებითად შეაფასეს. 

”აფსნიპრესი” ასევე იტყობინება, რომ სერგეი შამბამ ცალკე შეხვედრა გამართა იოჰან ვერბეკესთან, სადაც საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატზე იმსჯელეს, რომელსაც ვადა თებერვალში ეწურება. სოხუმი მოითხოვს გაეროს მისიის სახელწოდებაში  ”საქართველოს” ნაცვლად  გაჩნდეს სიტყვა ”აფხაზეთი”.

იმავდროულად, აფხაზური მხარე გამოდის ინიციატივით განახლდეს ოთხმხრივი შეხვედრები გალის რაიონში აფხაზური, ქართული, რუსული მხარეებისა და გაეროს დამკვირვებელთა მონაწილეობით, იუწყება ”აფსნიპრესი”.  

ჭუბურხინჯის ოთხმხრივი ყოველკვირეული შეხვედრები, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნებოდა, 2006 წლის ნოემბრის შემდეგ აღარ გამართულა მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმატის განახლებაზე მხარეები ბონში ივნისის ბოლოს გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)