აგვისტოს ომის შემსწავლელმა კომისიამ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

აგვისტოს ომის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ 18 დეკემბერს დიდი მოცულობის დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც მხარს უჭერს ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას იმ მოვლენების თაობაზე, რომელთაც ქვეყანა ომამდე მიიყვანეს. 

დასკვნა, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ პირდაპირ ეთერში წაიკითხა, ასახავს სახელმწიფო სტრუქტურების იმ ხარვეზებსაც, რომლებიც, კომისიის აზრით, აგვისტოს მოვლენების დროს გამოვლინდა.

დასკვნის დასაწყისში ნათქვამია, რომ ”რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა”. მას მოჰყავს საქართველოს ოფიციალური ვერსია მოვლენების შესახებ, თუ როგორ დაიწყო საომარი მოქმედებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 90-იანი წლების დასაწყისში. შემდეგ დასკვნაში მოცემულია აგვისტოს ომამდელი მოვლენების დეტალური ქრონოლოგია, როგორც ეს ხელისუფლების წარმომადგენლების უმეტესობამ კომისიისთვის მიცემულ ჩვენებებში გააკეთეს.

დასკვნის ნაწილში, რომელიც ეხება ”საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ომის დროს და გამოვლენილ ხარვეზებს,” ნათქვამია, რომ ”საქართველოს ხელისუფლების აგვისტომდელი პერიოდის მთავარ ხარვეზად რუსეთის სამშვიდობოების ოფიციალური დელიგიტიმიზაციის არგანხორციელება შეიძლება ჩაითვალოს”.

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 27 ოქტომბერს კომისიისთვის ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ თბილისი განიხილავდა რუსი სამშვიდობოებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, თუმცა არ განახორციელა ეს, რადგანაც საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა სხვაგვარი რჩევა მისცეს. 

კომისიამ თავის დასკვნაში განაცხადა, რომ თბილისის ამგვარმა ”კონსტრუქციულმა მიდგომამ” ამ საკითხთან მიმართებით ვერ შეასრულა რუსეთის ფედერაციის შემაკავებელი ფუნქცია.

”რუსეთის ფედერაციამ საკუთარი "სამშვიდობო’’ კონტიგენტი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სრულმასშტაბიან მონაწილედ აქცია,” – ნათქვამია დასკვნაში. ”ერთის მხრივ, "სამშვიდობოებზე” "თავდასხმის” ფაქტი გამოიყენა აგრესიის დაწყების ერთ-ერთ საბაბად და, მეორეს მხრივ, მათი შტაბიდან [თავდასხმები] ხორციელდებოდა საქართველოს მოსახლეობაზე”.

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის ჩვენებასთან დაკავშირებით, კომისიამ განაცხადა, რომ მან გენერალურ პროკურატურას ყოფილი ელჩის განცხადებების დამატებითი გამოძიება სთხოვა. ამ განცხადებების თანახმად, საქართველოს ხელმძღვანელობაში იყო მაღალჩინოსნების ჯგუფი, რომელიც აცხადებდა, რომ აშშ-მ მწვანე შუქი მისცა თბილისს სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების დაწყებაზე.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ”სერიოზული ხარვეზები” გამოვლინდა თავდაცვის სისტემაში.

”გენერალური შტაბის უფროსის ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ პრობლემები არსებობდა სამხედრო კავშირგაბმულობის სისტემაში,” – განაცხადა კომისიამ.

დასკვნის თანახმად, საომარმა მოქმედებებმა გამოავლინა რეზერვისტთა სისტემის ”სრული არაადეკვატურობა ყველა დონეზე”.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ გენერალ მამუკა ყურაშვილის მიერ 7 აგვისტოს გაკეთებული განცხადება სამხრეთ ოსეთში ”საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენის” თაობაზე გამოიწვია ”საომარი მოქმედებების პირველ საათებში თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციური სტრატეგიის თვალსაზრისით არასაკმარისმა მზაობამ და ინფორმაციის გაცემის კოორდინაციის არქონამ”.

”[ყურაშვილის განცხადება] მომავალში გამოყენებულ იქნა საქართველოს საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ კამპანიაში.

”თავდაცვის სამინისტროში სათანადო დონეზე ვერ განხორციელებულდა სტრატეგიული დაგეგმარება,” – ნათქვამია დასკვნაში. ”შეიარაღების გარკვეული ნაწილის დაკარგვა განაპირობა ხარვეზებმა ოფიცერთა საკადრო პოლიტიკამ რგოლში. აქვე აღსანიშნავია, რომ ოფიცერთა გარკვეულ კონტიგენტს რუსეთის აგრესიამდე მხოლოდ რამოდენიმე კვირით ადრე ქონდათ დასრულებული სასწავლო კურსი”.

”გენერალურ შტაბს არ ჰქონია წინასწარ შემუშავებული ორგანიზებულად უკან დახევის გეგმა და ოპერატიულ რეჟიმში უცევდა გადაწყვეტილების მიღება. ეს ფაქტი მიანიშნებს გენერალური შტაბის მხრიდან საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარების სისუსტზე,” – ნათქვამია დასკვნაში.

კომისიამ ასევე სთხოვა გენერალურ პროკურატურას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის მალხაზ აქიშბაიას განცხადება გამოიძიოს. კერძოდ, ეს განცხადება ეხებოდა იმ ფაქტს, რომ აქიშბაიამ ვერ შეძლო ზემო კოდორის ხეობაში ჩასვლა, სანამ ხეობას რუსების მხარდაჭერით აფხაზები მებრძოლები დაიკავებდნენ. კომისიამ ასევე გადასცა გენერალურ პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს შენობის ევაკუაციის საქმე.

კომისიამ სთხოვა გენერალურ პროკურატურას გამოიძიოს ის საკითხი, თუ რა რეაგირება მოახდინა ენერგეტიკის სამინისტრომ დაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი ინვესტორები – რომელთა სახელებიც არ იქნა დაკონკრეტებული – მზად იყვნენ საქართველოს ენერგოსექტორში ჩაედოთ ინვესტიციები. დაზვერვის სამსახურის უფროსმა გელა ბეჟუაშვილმა განუცხადა კომისიას, რომ მისმა უწყებამ აცნობა ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა მოგვიანებით დაზვერვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ეცნობა ამის თაობაზე.

კომისიამ ასევე მოუწოდა გენერალურ პროკურატურას გამოიძიოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ყველა ფაქტი მიუხედავად იმისა, თუ რომელმა მხარემ ჩაიდინა ის. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მან უკვე დაიწყო გამოძიება.  

აგვისტოს ომის დროს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად კომისიის მიერ შემუშავებულია რეკომენდაციები:

1. უშიშროების საბჭოს მიერ გადახედილი იქნას ქვეყნის უსაფრთხოებოს კონცეფცია არსებული რისკების ადექვატურად გათვალისწინების მიზნით;
2. უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავდეს საფრთხეების ადრეული შეტყობინების ადექვატური სისტემა;
3. უშიშროების საბჭოსა და მთავრობის მიერ ჩამოყალიბდეს  და შემუშავდეს  კრიზისების მართვის ერთიანი ცენტრის კონცეფცია;
4. უშიშროების საბჭოს და მთავრობის შესაბამისი ცალკეული სამინისტროების მიერ შემუშავდეს კრიზისის დროს კომუნიკაციების ადექვატური სტრატეგიები;
5. უშიშროების საბჭოსა და მთავრობის მიერ გადახედილი იქნას სამოქალაქო თავდაცვის კონცეფცია და შემუშავდეს საფრთხეების ადექვატური სამოქალაქო თავდაცვის გეგმები; 
6. ძირეულად გადახედილ იქნას რეზერვისტთა მომზადების და მობილიზების სისტემა;
7. თვადაცვის სამინისტრომ ჩაატაროს ადექვატური ღონისძიებები კავშირგაბმულობის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის;
8. საქართველოს მთავრობამ გაატაროს ყველა შესაძლო ღონისძიება საჰაერო თავდაცვის დანაკლისის შესაბამისად; შედეგები რეგულარულად წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფს;  
9. შემუშავდეს კრიზისის დროს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მოქმედებების ინსტრუქციები;
10. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს დიპლომატიურ სამსახურში კვალიფიციური ადამიანიური რესურსების მოზიდვისა და მათი განვითარების საკითხებს;
11. საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები მუდმივ რეჟიმში ჩაერთონ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგში;
12. აღნიშნული სისტემური პრობლემები აყენებს საკადრო ცვლილებების აუცილებლობას შესაბამის უწყებებში, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო თანამდებობების პირებს შორის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)