ეუთო-ს ყოფილი თანამშრომელი ომის დროს ცხინვალში თვითნებურ წასვლაზე საუბრობს
ეუთოს ყოფილმა თანამშრომელმა საქართველოში, რომლის განცხადებებმაც გაამყარა რუსეთის პოზიცია აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით, თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილებები, შემდეგ დაკარგა სამუშაო და მისი ქმედებები დეტალური შესწავლის საგანი გახდა, ხოლო საქართველო მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს, იტყობინება Wall Street Journal-ი 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.
47 წლის რაიან გრისტმა, ბრიტანული არმიის ყოფილმა კაპიტანმა, რომელიც საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო ომის დაწყებისას, ზოგიერთ დასავლურ მედიასთან, მათ შორის New York Times-სთან და BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 7 აგვისტოს საქართველოს თავდასხმა ცხინვალზე ”აბსოლუტურად არაპროპორციული იყო ნებისმიერი პროვოკაციისა, თუ პროვოკაცია საერთოდ იყო.”
გრისტმა, რომელმაც Wall Street Journal-თან ინტერვიუში აღიარა, რომ მან თვითნებურად მიატოვა სამსახური ომის დაწყების შემდეგ, განაცხადა იმავე ინტერვიუში, რომ მისი წინა განცხადებები არასწორედ იქნა ინტერპრეტირებული.
”მე არასდროს მითქვამს, რომ ოსების მხრიდან პროვოკაციები არ ყოფილა,” – განაცხადა გრისტმა. ”ის, რაც მე ვთქვი, არის, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხი იყო აბსოლუტურად არაპროპორციული. როდესაც ახორციელებ განურჩეველ დაბომბვას, ამას მოყვება რუსეთის პასუხი.”
მისი თქმით, მან მრავალჯერ გააფრთხილა ეუთოს დიპლომატები, რომ საქართველოს შესაძლოა შეტევა განეხორციელებინა, თუმცა, მისი მტკიცებით, მის გაფრთხილებებს იგნორირებას უკეთებდნენ. ამ ბრალდებას გრისტის ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოში ეუთოს მისიის უფროსი, ტერი ჰაკალა უარყოფს. მან Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ გრისტს არასდროს გაუკეთებია რაიმე გაფრთხილება, რომელიც მერე იგნორირებული იყო.
გრისტი ეუთოს მისიაში პასუხისმგებელ პირად ითვლებოდა მაშინ როდესაც ომი დაიწყო, რადგან იმ დროს ტერი ჰაკალა შვებულებაში იმყოფებოდა.
იმ დროს ეუთოს ცხინვალის ოფისში ეუთო-ს სამი დამკვირვებელი იმყოფებოდა (სულ მისიას მანდატით რვა დამკვირვებელი ყავდა ცხინვალში), რომლებიც ჰაკალას ბრძანების საფუძველზე 8 აგვისტოს იქნენ ევაკუირებული ცხინვალიდან. გრისტმა განუცხადა Wall Street Journal-ს, რომ იგი ”გააცოფა” ამ ფაქტმა, რადგანაც ის უკვე ამზადებდა ევაკუაციას. მისი თქმით, იგი ჰაკალას 11 აგვისტოს შეხვდა, რა დროსაც მათ ”მწვავე კამათი” ჰქონდა. ამის შემდეგ, მისი თქმით, მისიის ხელმძღვანელმა უბრძანა გრისტს სასაწრაფოდ წასულიყო შვებულებაში.
”მაშინ ვიფიქრე, რომ ეუთო-სთან ალბათ ყველაფერი დამთავრებული იყო. ამიტომ მე წავედი სახლში და გადავწყვიტე მე თვითონ გამერკვია, თუ რა ხდებოდა [ცხინვალში]. და ასეც მოვიქეცი,” – განუცხადა გრისტმა Wall Street Journal-ს და დასძინა, რომ მომდევნო დილას, 12 აგვისტოს, იგი ცხინვალისკენ გაემართა ეუთოს არადაჯავშნული მანქანით.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა, რომლებიც მაშინ უკვე აკონტროლებდნენ სეპარატისტული რეგიონის დედაქალაქს, იგი ცხინვალში შეუშვეს.
მისი თქმით, ცხინვალში იგი თავის მეგობართან, ლირა ცხოვრებოვასთან, მივიდა. ეს უკანასკნელი ცხინვალში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ ოსეთის ქალთა ასოციაციის” ხელმძღვანელია.
Wall Street Journal-ს მიერ სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, Associated Press-მა გაავრცელა მის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელიც ცხოვრებობას სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სპეცსამსახურებთან სავარაუდო კავშირებს ეხება.
ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს მიერ ამ ინფორმაციის გავრცელება დამეთხვა, ცხოვრებოვას აშშ-ში ვიზიტს, რომლის ორგანიზება და აშშ-ში მისთვის შეხვედრების ორგანიზება განახორციელა ამერიკულმა PR-კომპანია Saylor Company-იმ.
ეს ინფორმაცია ქართულმა ტელეარხებმა აიტაცეს, რამაც იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც წარსულში ცხოვრებოვას ორგანიზაციასთან თანამშრომლობდნენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული ინფორმაცია ცხოვრებოვას შესახებ სახალხო დიპლომატიის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიად შეაფასეს.
Wall Street Journal-თან ინტერვიუში, ეუთოს ყოფილმა თანამშრომელმა, რაიან გრისტმა, ასევე განაცხადა, რომ ცხოვრებოვას სახლში მისვლისას, მისმა მეგობრებმა გადამალეს მისი მანქანა და წაიყვანა ის ორ ოს მაღალჩინოსანთან შესახვედრად – რომელთა ვინაობაზე არაფერია ნათქვამი სტატიაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ცხინვალში ჩასვლის შემდეგ მას დაუკავშირდნენ ეუთო-ს თბილისის ოფისიდან და უბრძანეს უკან დაბრუნებულიყო; თუმცა, მისი თქმით, მან ეს ვერ შეძლო, რადგანც უკანა გზაზე იგი ორჯერ გააჩერეს ოსმა ბერძოლებმა. ამრიგად, მან დარჩენა გადაწყვიტა, სანამ რუსული ძალები გაიყვანდნენ მას, რაც მან სამი დღის შემდეგ, 15 აგვისტოს შეძლო. ”ეუთომ სთხოვა ბრიტანეთის საკონსულოს ის ქვეყნიდან გაეყვანათ, დაკითხეს იგი და სამსახურიდან დაითხოვეს,” – წერს Wall Street Journal-ი.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განუცხადა გაზეთს, რომ ქართული სპეცსამსახურები გრისტს ჯაშუშად მიიჩნევენ.
”ვერ ვიტყვი, რომ გრისტი რუსეთზე მუშაობს. არ ვიცი. მაგრამ ჩვენს სპეცსამსახურებს მიაშნიათ, რომ ეს ასეა,” – განაცხადა იაკობაშვილმა. ”რას აკეთებდა, როდესაც სადღაც მიდიოდა და მისმა უფროსმა არ იცოდა ამის შესახებ?”
გრისტმა განუცხადა Wall Street Journal-ს, რომ მის მიერ ომის დაწყებაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ”მე დამადანაშაულეს ხან MI6-თან [ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახური] და ხანაც კგბ-სთან თანამშრომლობაში და მე მატყუარას მიძახდნენ.”
”მე მხოლოდ ის მინდოდა გამეგო, თუ რა ხდებოდა,” – დასძინა მან.
New York Times-ის მიერ ნოემბერში ამ თემაზე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი უზარმაზარ ფულს ხარჯავდა დასავლურ მედიაში ანტი-ქართული კამპანიის განსახორციელებლად. მან ასევე განაცხადა 12 ნოემბერს, რომ ეს ინფორმაციები ”საეჭვო წყაროებს” ეყრდნობოდა.
28 ნოემბერს აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წინაშე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ დასავლური მედიის ზოგიერთი ინფორმაცია ომის დაწყების თაობაზე რუსული პროპაგანდის ნაწილია.
”ჩვენ გვაქვს საქმე ავტორიტარული ქვეყნის პროპაგანდისტულ მანქანასთან,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”ამ მანქანას აქვს დიდი გამოცდილება. ჯერ კიდევ დაწყებული საბჭოთა დროიდან, მათთან ბრძოლა მარტივი ნამდვილად არ არის. მე ვიყავი უკრაინაში, უკრაინის შიმშილის, ნამდვილი გენოციდის აღნიშვნაზე, მაშინაც იყვნენ ჟურნალისტები, რომლებმაც მოიარეს უკრაინა, ნახეს ასობით ათასი ადამიანი, რომელიც კვდებოდა შიმშილით. ეს მაშინდელი საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ გათვლილი პოლიტიკა იყო. იყო ხალხი, ვინც ეს ნახა და აღწერა, მაგრამ რუსული საბჭოთა პროპაგანდა მაშინ ისე მუშაობდა, რომ იპოვეს დასავლელი ჟურნალისტები, რომლებიც ამ ყველაფერს უარყოფდნენ. მაგალითისათვის მაშინდელი New York Times ამბობდა, რომ იმას, რასაც წერდნენ, იყო სისულელე”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)