აშშ გმობს რუსეთის ქმედებას ეუთოს მისიის გაგრძელების დაბლოკვის თაობაზე
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელებაზე ვეტო დადებასთან დაკავშირებით.
”დანარჩენი საერთაშორისო თანამეგობრობისგან განსხვავებით, რუსეთმა ერთადერთმა მოითხოვა მანდატის შეცვლა, რათა მასში ასახულიყო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება,” – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ”რთულია გაამართლო რუსეთის გადაწყვეტილება მისიის გაგრძელების დაბლოკვის თაობაზე რეგიონში არსებული დაძაბულობების და მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრობლემების ფონზე”.
”საქართველოში ეუთოს მისიას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა კონფლიქტის მოგვარების მცდელობებში. მისიის დამკვირვებლებმა შეუფასებელი როლი ითამაშეს სამხედრო გამჭირვალობის ხელშეწყობაში და ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შეფასებაში და ასევე იმ ფონზე როდესაც არსებობს ინფორმაცია უმცირესობების უფლებების სერიოზული დარღვევების და სამოქალაქო პირების სამხრეთ ოსეთიდან და მის შიგნით იძულებით გადაადგილების შესახებ”.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა დაბლოკა მისიის გაგრძელება მიუხედავად მის მიერ 12 აგვისტოს და 8 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებისა ”უზრუნველყოს სამხრეთ ოსეთში შესვლა ჰუმანიტარული დახმარებისთვის და შეეწინააღმდეგოს ადამიანის უფლებების დარღვევებს ყველაზე დაუცველი მოსახლეობის წინააღმდეგ”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)