ლავროვი: მოსკოვი სოხუმთან სამხედრო ხელშეკრულებას 2009 წლის დასაწყისში მოაწერს ხელს

რუსეთი სეპარატისტულ აფხაზეთთან სამხედრო ხელშეკრულებას 2009 წლის დასაწყისში მოაწერს ხელს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 23 დეკემბერს.

მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი და სოხუმი გააძლიერებენ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე.

ლავროვმა და შამბამ აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის და რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ მოსკოვში სექტემბერში ხელმოწერილი  ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების სარატიფიკაციო დოკუმენტები გაცვალეს. ანალოგიურ ხელშეკრულებას მოსკოვმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთანაც მოაწერა ხელი.

”ამ ჩარჩო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, კიდევ არის 20-მდე სხვა ხელშეკრულება სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლებიც თითქმის მზადაა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი უკავშირდება უსაფრთხოების უზრუნველყოფას და თანამშრომლობის რეგულირებას სამხედრო სფეროში, აფხაზეთის საზღვრის ერთობლივ დაცვას,” – იტყობინებიან რუსული სააგენტოები ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

რუსეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ 3,700 სამხედროს განთავსებას გეგმავენ აფხაზეთში და ასევე 3,700-ის – სამხრეთ ოსეთში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა ოქტომბერში განაცხადა, რომ რუსეთი თავისი სამხედრო ძალების დაბინავებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ბაზებზე ”ერთი წლის მანძილზე” დაასრულებს.

  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)