გაეროს მისიამ შესაძლოა ეუთოს ბედი გაიზიაროს – ნალბანდოვი
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ნალბანდოვის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია ეუთოს მისიის ბედი საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიამაც გაიზიაროს, თუ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვეტოს დაადებს მისიის გარძელების შესახებ რეზოლუციას.
თუმცა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.
”უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არის რუსეთი. შესაბამისად, მას შეუძლია უკიდურეს შემთხვევაში… უბრალოდ დაადოს ვეტო ამ რეზოლუციის [მისიის მანდატის გაგრძელების] მიღებას და ამგვარად გაეროს დამკვირვებელთა მისიის ფუნქციონირება საქართველოში შეწყდება”, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ალექსანდრე ნალბადოვმა. ”მოლაპარაკება მიმდინარეობს ყოველდღე, რომ ასე არ მოხდეს…მიუხედავად იმ პესიმისტური სცენარისა, რომელიც მე ახლა ავღწერე, ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ყველასათვის მისაღები გამოსავალის მოძებნა”.
საქართველოში ეუთოს მისიის დახურვა იანვარში დაიწყება, რადგანაც რუსეთმა 16-წლიანი მისიის მანდატის გაგრძელება დაბლოკა.
ოქტომბერში გაეროს უშიშროების საბჭომ გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG) აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი მანდატი ოთხი თვით გაუგრძელა, ნაცვლად ტრადიციული ექვსი თვისა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)