სააკაშვილი რუსეთის მიერ ეუთოს მანდატთან დაკავშირებულ ქმედებაზე საუბრობს

რუსეთის მიერ საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელებაზე ვეტოს დადებამ გამოავლინა მისი ”არაკონსტრუქციული პოლიტიკა”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 დეკემბერს.

”ძალიან სამწუხაროა, რომ ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა ეუთოში რუსეთის ფედერაცია, რომელმაც მოკლა ეუთოს ფორმატი საქართველოში,” – განაცხადა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ”ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო იყო ცამდე მართალი ყველა იმ საკითხში, რომელიც უკავშირდებოდა ამ საკითხებს. სამწუხაროდ, რუსეთი ადგა და ადგას არაკონსტრუქციულ გზას, მაგრამ, მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მოკლევადიანი პოლიტიკა”.

ეუთოს მისია დახურვის პროცედურებს 2009 წლის იანვრიდან დაიწყებს.

რუსეთმა განაცხადა, რომ დაბლოკა მანდატის გაგრძელება საქართ[ელოში, რადგანაც ვერ დაუშვა რაიმე კავშირი  ეუთოს საქმიანობას შორის სამხრეთ ოსეთში და დანარჩენ საქართველოში, რადგანაც ამგვარი მიდგომა შეეწინაღმდეგებოდა მის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე. ამის სანაცვლოდ, რუსეთი სთავაზობდა ცალკე ეუთოს მისიის – და არა უბრალოდ საველე ოფისის – შექმნას ცხინვალში.

საქართველოში  ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ტერი ჰაკალამ განაცხადა 23 დეკემბერს, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული პროექტი არ იყო ”ძალიან კონსტრუქციული, გულწრფელად რომ ვთქვა; სწორედ ამიტომ აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში”.

”მოლაპარაკებები ნამდვილად გაგრძელდება, მაგრამ ახლა ჩვენ დახურვის პროცედურებს ვიწყებთ,” – განაცხადა მან. ”ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც აქ ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი”.

”ჩვენ აქ ევროკავშირის უზარმაზარი მისია გვყავს და ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ამ შემთხვევაში [თუ ეუთო ვერ განაახლებს საქმიანობას საქართველოში], ევროკავშირი მეტ პასუხისმგებლობას იკისრებს და განაგრძობს იმ საქმეს, რომელსაც ეუთო აკეთებდა აქ,” – დასძინა მან.

მან ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ალექსანდრე ნალბანდოვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ნალბანდოვმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საქართველო მზად არის ”ნებისმიერი კომპრომისისთვის” საქართველოში ეუთოს მისიის მანდატთან დაკავშირებით. ”მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არ იქნება კომპრომისი,” – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება, თუ ევროკავშირის მისია განაგრძობს ეუთოს საქმეს საქართველოში.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)