მედვედევი საქართველოსთან ომის შესახებ საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა 24 დეკემბერს, რომ მოსკოვმა იცოდა, რომ თბილისი ემზადებოდა სამხრეთ ოსეთის წინაღმდეგ სამხედრო ქმედებების განსახორციელებლად და ამის გამო რუსეთიც წინასწარ ემზადებოდა პასუხისთვის.

”ჩვენ, რა თქმა უნდა ვვარაუდობდით, რომ ყველაფერი კარგად არ იყო ჩვენი მეზობლის [საქართველოს] ტვინში – თუმცა არ გვეგონა, რომ ამ დონეზე,” – განაცხადა მედვედევმა სამ რუსულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

”იმის გათვალისწინებით, რომ ისინი [ქართველები] ამისთვის [სამხედრო ქმედებებისთვის] ემზადებოდნენ – მე ერთხელ უკვე ვისაუბრე ამის შესახებ – რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ჩვენმა ქართველმა კოლეგამ უბრალოდ შეწყვიტა ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან.  მანამდე ის გვეხვეწებოდა: მოდით შევხვდეთ, განვიხილოთ, სოჭში გავმართოთ მოლაპარაკებები; შემდეგ კი შეწყვიტა კავშირი. ამ მომენტში გამიჩნდა ეჭვები, რომ მან ძალისმიერი აქციის განხორციელება გადაწყვიტა,” – განაცხადა მედვედევმა ინტერვიუში.

”ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა ვემზადებოდით ამისთვის. და მე ვთვლი, რომ იმ მომზადების შედეგად, რომელიც განხორციელდა, ოპერაციის დანაკარგები მინიმალური იყო. რუსეთის არმიამ გაანადგურა საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურა. თუმცა, ამავე დროს თავიდან აიცილა რაიმე ქმედებები, რომელთაც არაჰუმანური ხასიათი ექნებოდათ,” – განაცხადა მან.

მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ მას ძალიან სწრაფად მოუხდა გადაწყვეტილების მიღება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დაწყების თაობაზე, თან იქვე დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მას დრო არ ჰქონია,რომ ვინმესთან კონსულტაციები გაემართა.

კითხვაზე გაეხსენა მოვლენების ქრონოლოგია, თუ საიდან შეიტყო მან ცხინვალზე საქართველოს თავდასხმის თაობაზე და როგორ იღებდა ის მაშინ გადაწყვეტილებებს, მედვედევმა უპასუხა: ”ეს სურათი ყოველთვის ჩემთან დარჩება”.

”ჩემთვის, ალბათ, ეს იყო ყველაზე რთული დღე ჩემს სიცოცხლეში. მე ქრონოლოგიურად შემიძლია გავიხსენო, თუ რა ხდებოდა მაშინ,” – განაცხადა მან. ”დაახლოებით ღამის 1:00 საათზე დამირეკა თავდაცვის მინისტრმა სერდიუკოვმა და მითხრა, რომ მათი ინფორმაციით, საქართველომ სამხრეთ ოსეთს ომი გამოუცხადა. თუმცა, რაიმე მოძრაობები ჯერ არ შეინიშნებოდა. მე ვუთხარი, რომ თვალყური ედევნებინათ სიტუაციისთვის, მოვლენების განვითარებისთვი და რეგულარულად მოეხსენებინათ, რაც ხდებოდა კიდეც რამდენიმე საათის განმავლობაში. ყოველ ნახევარ საათში ის მირეკავდა და მეუბნებოდა, თუ რა ხდებოდა: რა მომენტში გაჩნდნენ ტანკები, რა მომეტში გაჩნდა სხვა ტექნიკური საშუალებები, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ქართული ჯარები. საბოლოო ჯამში, რაღაც მომენტამდე ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს იყო რაღაც პროვოკაცია, რომელიც არ იქნებოდა მიყვანილი ბოლომდე”.

”თუმცა, მაშინ როდესაც სარაკეტო სისტემები ამოქმედდა რეალურად, სროლა დაიწყეს ტანკებმა, და მე მაცნობეს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის სამშვიდობოების სიკვდილის თაობაზე, მე ერთი წუთიც არ დავაყოვნე და გავეცი ბრძანება საპასუხო ცეცხლის გახსნაზე. ბუნებრივია, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას ყველა შესაძლო შედეგი უნდა აწონ-დაწონო, მათ შორის ამგვარი ბრძანებების არაშეუქცევადი ხასიათი. რაღაც მომენტამდე შესაძლებელია შემობრუნება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ძველ სიტუაციაზე დაბრუნებაუკვე აღარ შეიძლება. მეც, ბუნებრივია, მესმოდა ეს და იმედი მქონდა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. საქართველოს ხელმძღვანელოვბამ სრულმასშტაბიანი სისხლისმღვრელი ომი წამოიწყო თავის ახლო ხალხთან. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო ზომა. მე მიმაჩნია, რომ საერთო ჯამში, ის სამხედრო კამპანია, რომელიც მხოლოდ ხუთი დღე გრძელდებოდა, უჩვენა როგორც ჩვენი საპასუხო ზომების ეფექტურობა, ისე რუსული იარაღის ძალა და ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი მებრძოლების სულის სიმტკიცე. მათ შეძლებს მინიმალური დანაკარგებით აუნაზღაურებელი ზიანი მიეყენებინათ საქართველოს სამხედრო მანქანისთვის. ამგვარი ქმედებების შედეგად, აღდგა მშვიდობა კავკასიაში, და რაც ყველაზე მთავარია, ათიათასობით ადამიანი, რომლებიც განადგურების პირას იმყოფებოდნენ, დაცვის ქვეშ იქნენ აყვანილნი. ამიტომ, ეს ჩემთვის ძალიან რთული დღე იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით. და მომდევნო ქმედებებმა მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დაგვარწმუნა,” – განაცხადა მედვედევმა.

ინტერვიუში მედვედევმა ასევე დაადანაშაულა ”უკრაინის ზოგიერთი ლიდერი იმ გადაწყვეტილებისთვის, რომ საქართველოსთვის იარაღი მიეწოდებინათდა გაეგზავნათ ხალხი, რათა რუსი სამხედროებისთვის ესროლათ.” მისი თქმით, ეს იყო ”დანაშაული, რომელიც რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების წინააღმდეგ იქნა ჩადენილი”.

მან ასევე განაცხადა, რომ იგი ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა დაიცვას რუსეთის ინტერესი ”ყველა შესაძლო საშუალებით.”

”ეს არის ჩემი ღრმა რწმენა. პირველ რიგში, [რუსეთი დაიცავს თავის ინტერესებს] საერთაშორისო და სამართლებრივი საშუალებებით… მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ძალის ელემენტის გამოყენებით,” – განაცხადა მან. ”თუ რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეს და ღირსებას საფრთხე შეექმნება, რუსეთის პოზიცია, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მარტივი და გონივრულად მტკიცე. ჩვენ ყველგან დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. და ამაში საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ არის”. 

     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)