დროებითი კომისია ეროვნული უშიშროების საბჭოს ზოგიერთი ჩვენების საჯაროდ გამოტანას სთხოვს
აგვისტოს ომის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ 25 დეკემბერს თხოვნით მიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს მოხსნას გრიფი იმ ზოგიერთ ინფორმაციას, რომელიც კომისიამ სხვადასხვა თანამდებობის პირებისგან მიიღო დახურული სხდომების დროს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსმენების უმეტესობა საჯარო იყო და მეორე არხზე პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, ზოგიერთი მათგანი დახურულ რეჟიმში გაიმართა, როდესაც საქმე ”მგრძნობიარე სახელმწიფო საიდუმლოებას” ეხებოდა.
გარდა დახურული სხდომების ჩანაწერებისა, კომისიამ ასევე სთხოვა ეროვნული უშიშროების საბჭოს განიხილოს იმ დოკუმენტების საჯაროდ გამოტანის საკითხი, რომლებიც კომისიას ხელისუფლებამ წარუდგინა და რომლებიც ამჟამად საჯარო არ არის. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტია პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ თავისი რუსი კოლეგისთვის ივნისში გაგზავნილი წერილი, რომელშიც მოცემულია თბილისის წინადადებები აფხაზეთთან დაკავშირებით, განაცხადა კომისიის წევრმა უმრავლესობიდან, დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)