პარლამენტმა ახალი ელჩების კანდიდატურები დაამტკიცა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს ახალი ელჩების კანდიდატურებს უყარეს კენჭი. ელჩების კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. 

პარლამენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია დაამტკიცა, რომელმაც დავით სიხარულიძე შეცვალა. ამ უკანასკნელმა დეკემბრის დასაწყისში სამთავრობო ცვლილებების განხორციელების შემდეგ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელად უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსანდრე ლომაია დაამტკიცეს. ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა ელჩმა ირაკლი ალასანიამ დეკემბრის დასაწყისში  თანამდებობა დატოვა.

თურქეთში, ალბანეთში, ბოსნიასა და  ჰერცოგოვინაში საქართველოს ელჩად ტარიელ ლებანიძე დაამტკიცეს, რომელსაც ეს თანამდებობა წლების წინ ეკავა. ელჩის თანადებობა ვაკანტური ყოფილი ელჩის გრიგოლ მგალობლიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ გახდა.

პარლამენტმა მამუკა კუდავა საფრანგეთის, პორტუგალიისა და მონაკოს ელჩად დაამტკიცა; იგი ასევე მუდმივი წარმომადგენელი იქნება იუნესკოში.

დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე დაინიშნა ელჩად. მან ამ თანამდებობაზე გელა ჩარკვიანი შეცვალა. ეს უკანასკნელი პარლამენტმა საერთაშორიოს საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუმდივ წარმომადგენლად დაამტკიცა.

უკრაინაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გრიგოლ ქათამაძე დაინიშნა, რომელსაც წლების განმავლობაში ეკავა აღნიშნული პოსტი.

დღესვე პარლამენტმა კენჭი უყარა ჩინეთში კარლო სიხარულიძის კანდიდატურას, რომელმაც ამ თანამდებობაზე თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი შეცვალა.

დეპუტატებმა სუამის ორგანიზაციაში საქართველოს ელჩად მერაბ ანთაძე დაამტკიცეს. 

ელჩების დამტკიცებამდე გამართული დეპატების დროს გარკვეული სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ოპოზიციასა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის მას შემდეგ, რაც პარლამენტის  ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ელჩების იმ კანდიდატურების წარმატებებზე ისაუბრა, რომლებსაც  აგვისტოს მოვლენების დროს  საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავათ.  კერძოდ, ეს ეხებოდა კახა ლომაიას, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ბათუ ქუთელიას.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტის დროებითი [აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი] კომისიის მუშაობის შედეგებითაც სრულიად ნათლად გაირკვა, რომ იგივე საქართველოს პრეზიდენტთან მოქმედი უშიშროების საბჭო იქნება ეს, თუ თავდაცვის სამინისტროს მუშაობა… ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეფასდება დადებით კონტექსტში, ვერ შეფასდება წარამტებულად, ბუნებრივია ვინც ხელმძღვანელობდნენ ამ უწყებებს ვერ იქნებიან წარმატებული სახელმწიფო თანამდებობის პირები”, – განაცხადა სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძე. ”თუმცა მე მინდა ვისურვო ის, რომ ისინი უფრო წარამეტებულნი იქნებიან იქ, სადაც ისინი მუშაობას დაიწყებენ”.

”ახლა რთული პერიოდია ქართული დიპლომატიისთვის და თითოეული ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე მიდის დღეს იმიტომ, რომ მოგეხსენებათ დიპლომატიური ომი არის ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა ახლა გადასატანი საქართველოსთვის”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. ”სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ამ სფეროში ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა შეცდომები”.

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საბოლოო დასკვნაში, რომელიც  18 დეკემბერს გამოქვეყნდა, აღნიშნა, რომ აგვისტოს მოვლენების დროს საგარეო უწყებაში სისუსტე გამოვლინდა იმ თვალსაზრისით, რომ ამ სფეროში არ არსებობს ელჩებისათვის შემუშავებული საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო სპეციალური გეგმა და წერილობითი ინსტრუქცია, არ ხდება ელჩების საქმიანობის სათანადო კონტროლი. კომისიის რეკომენდაციებში აისახა ამ ხარვეზების გამოსასწორებლად გარკვეული ღონისძიების გატარება, რაზეც მუშაობა, საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკვე დაწყებულია.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)