სააკაშვილი პრეზიდენტის უფლებამოსილების დაგეგმილ შემცირებაზე საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 26 დეკემბერს, რომ იგი მოამზადებს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მისი უფლებამოსილების შემცირებას პარლამენტის სასარგებლოდ.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი არის საქართველოს პოლიტიკის ნაწილი ”ეტაპობრივად გადავიდეთ კლასიკურ ევროპულ კონსტიტუციურ მოდელზე”.
”პარლამენტისთვის ძალიან ადვილდება მთავრობის დათხოვნა და პრეზიდენტისთვის ძალიან ძნელდება პარლამენტის დათხოვნა, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება,” – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.
პროექტის წერილობითი ვარიანტი ჯერჯერობით არ არსებობს; დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ პროექტი ჯერ დასრულებული არ არის.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი ცვლილება ნიშნავს პარლამენტისთვის უშუალოდ მთავრობაზე ბევრად მეტი კონტროლის საშუალების მიცემას.
”ბევრად მეტ ანგარშვალდებულებას ვაძლევთ არამხოლოდ მინისტრებს პარლამენტის წინაშე, არამედ ვავალდებულებთ ყველა სამინისტროს თანამშრომელს მუდმივად ანგარიშს აბარებდეს პარლამენტს და მთლიანობაში ქართველ ხალხს, მუდმივად იყოს ფორმაში იმისათვის, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი და ასევე პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს მაშინ, როცა ისინი ვერ გაართმევენ თავს მოვალეობას,” – განაცხადა მან.
”ჩვენი ამოცანაა, რომ ეტაპობრივად გადავიდეთ კლასიკურ ევროპულ კონსტიტუციურ მოდელზე, თუმცა სხვადსახვა მოდელები არსებობს – საფრანგეთში ძალიან ძლიერი პრეზიდენტია, არის ევროპის ქვეყნები, სადაც პარლამენტი უფრო ძლიერია,” – განაგრძო მან. ”ჩვენ ვიპოვით იმ მოდელს, რომელიც შეესაბამება დემოკრატიის ყველაზე სწორ გაგებას საქართველოსთვის, სადაც მთავარი ბატონ-პატრონი საქართველოსი იქნება ქართველი ხალხი და ყველანი ჩვენ – პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, თანამდებობის პირები ვეკუთვნით ამ ხალხს, ვემსახურებით ამ ხალხს და ხალხს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური საშუალება ყოველ დღე გვაკონტროლოს პარლამნეტის საშუალებით, მედიის საშუალებით და მთლიანად მუდმივად ჰქონდეს მეთვალყურეობა იმაზე, თუ რას ვაკეთებთ და რას ვერ ვაკეთებთ კარგად”.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 26 დეკემბერს, რომ ”უახლოეს მომავალში” პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვა.
”უკანასკნელ პერიოდში ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ დოკუმენტების პაკეტზე, რომელიც გააძლიერებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
საკონსტიტუციო ცვლილების პროექტმა პარლამენტში დამტკიცებამდე ერთთვიანი საჯარო განხილვის პროცესი უნდა გაიაროს.
სექტემბერში, მოსახლეობისადმი და პარლამენტისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა რომ იგი პარლამენტს შესთავაზებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.
არსებული კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო ვერ შეძლებს ბიუჯეტის მიღებას სამი თვის განმავლობაში ან სამი მცდელობის შემდეგ ვერ გამოუცხადებს ნდობას ახალ მთავრობას. თუმცა, პრეზიდენტს არ შეუძლია გამოიყენოს პარლამენტის დათხოვნის უფლებას საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვის განმავლობაში; საომარი ან საგანგებო სიტუაციების დროს და საპრეზიდენტო ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
არსებული კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტს აქვს უფლება მოითხოვოს მთავრობის დათხოვნა, თუმცა ეს მოთხოვნა პრეზიდენტისთვის სავალდებულო არ არის და მას აქვს უფლება ასეთ შემთხვევაში დაითხოვოს მთავრობა ან პარლამენტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)