პრემიერ-მინისტრი გერმანიიდან სავარაუდოდ ამ კვირაში დაბრუნდება

პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი გერმანიიდან საქართველოში ამ კვირაში დაბრუნდება, აცნობეს Civil.Ge-ს პრემიერ-მინისტრის აპარატიდან, თუმცა არ დააკონკრეტეს, თუ რომელ კლინიკაში გადის ის მკურნალობას.

მთავრობის მიერ 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ქართველი ექიმების რეკომენდაციით პრემიერ-მინისტრი გერმანიაში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით გაემგზავრა. ოფიციალური განცხადების მიხედვით, აღნიშნული გამოკვლევა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საერთო გადაღლილობის ფონზე, პრემიერ-მინისტრს გამოეკვეთა მკვეთრი რენალური [თირკმლის] გართულება.

დღეს ქართულ მედიაში გაჩნდა ვარაუდები, რომ პრემიერ-მინისტრმა დაწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ორი კვირის წინ გაზეთმა ”ალიამ” გამოაქვეყნა სტატია, სადაც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ პრემიერ მგალობლიშვილსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც, პრეზიდენტმა თითქოს ხელი გაარტყა პრემიერს და მობილური ტელეფონი ესროლა. ამის შემდეგ, იმავე გაზეთის ცნობით, მგალობლიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა პრეზიდენტმა ის არ დააკმაყოფილა. ხელისუფლების პრესსამსახურებში ამ სტატიას არასერიოზული უწოდეს და განაცხადეს რომ არც კი ღირდა მასზე კომენტარის გაკეთება.

მოგვიანებით, 29 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაქო მთავრობა, განსაკუთრებით კი მგალობლიშვილი, ბევრი მუშაობისთვის.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)