საქართველო ჰოლანდიურ ტელევიზიას ომზე ”მცდარი” ინფორმაციის გაშვებაში ადანაშაულებს

  • ჰოლანდიური ტელეარხის განცხადებით, ის ამ რეპორტაჟს იძიებს და მომავალ კვირას გააკეთებს კომენტარს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰოლანდიური ტელეარხი – NOS – ”მცდარი” ინფორმაციის გაშუქებაში დაადანაშაულა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ აგვისტოში განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ NOS-მა, რომელიც ჰოლანდიური საზოგადოებრივი მაუწყებლობის ნაწილია, 3 იანვარს გადაცემა "NOS Journaal”-ში გაუშვა სიუჟეტი, სადაც არხის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი ამბობს, რომ ომი საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა "დაიწყო”. ეს ინფორმაცია, საგარეო უწყების განცხადებით, ეყრდნობა ქართველი ქალბატონის, ნინო მატკავას მიერ ”ომის დროს მიღებულ ემოციურ შთაბეჭდილებებს”, რომელიც ”თითქოს” სამხრეთ ოსეთში წინა ხაზზე იბრძოდა. "იგი [მიხეილ სააკაშვილი] ომს განიხილავდა როგორც თამაშს, სადაც ნინოს და მის მსგავსად სხვებს სიცოცხლე უნდა გაეწირათ,”- მოჰყავს საგარეო უწყებას სიუჟეტის ავტორის სიტყვები. სამინისტრო ასევე ხაზს უსვამს, რომ მატკავა ქართულ ჯარში აღარ მსახურობს 2006 წლის ივნისის შემდეგ და იგი ბრძოლის ”წინა ხაზიდან საკმაოდ მოშორებით იმყოფებოდა”.

”საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოს ტელეკომპანიის ყურადღება მიაპყრო აღნიშნულ დეტალებზე და ფორმალურად მოითხოვა გადაცემაში გასული მტკიცების უარყოფა ღია ეთერში,”- აცხადებს საგარეო უწყება.

ჰოლანდიურმა ტელეარხმა ამ ეტაპზე უარი განაცხადა კომენტარზე, რადგან არხის ომბუდსმენი ტონ ვან ბრუსელი იძიებს ამ ფაქტს.

”ომბუდსმენი ამჟამად სწავლობს ამ სიუჟეტს და ტელევიზიას შესაძლებლობა ექნება კომენტარი გააკეთოს უკვე მომავალ კვირას,”- განუცხადა Civil.ge-ს არხის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

საქართველოს საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ჰოლანდიურ არხზე გასული გადაცემა ”კიდევ ერთი ფრაგმენტია იმ სისტემატიური დეზინფორმაციული კამპანიისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს და რომლის მიზანიცაა რუსული აგრესიის მიზეზებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების აზრით მანიპულირება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)