ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის, დამაკმაყოფილებელია, აცხადებენ ექიმები.

ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ საღამოს მას შემდეგ გართულდა, რაც თირკმელში კენჭის დაშლის მანიპულაციის დროს, ერთ-ერთმა პრეპარატმა ორგანიზმში ალერგია გამოიწვია.

”ვიტარებდი საკმაოდ სტანდარტულ სამედიცინო მანიპულაციას უროლოგიის ეროვნულ ცენტრში. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ სამედიცინო პრეპარატზე ჩემს ორგანიზმს ჰქონდა ალერგიული რეაქცია, რამაც გამოიწვია კრიზისი, ამას მოჰყვა წნევის მკვეთრი ვარდნა და ამას მოჰყვა გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგების შეფერხება,”- განუცხადა გულის კლინიკაში მყოფმა ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებს.

”საბედნიეროდ, ჩვენი ექიმების ძალიან კვალიფიციური და სწრაფი მოქმედების შედეგად, შემიძლია დაგარწმუნოთ რომ ახალი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი ნამდვილად არ დგას დღის წესრიგში,”- დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)