ენგურჰესი რუსულ-ქართულ ერთობლივ მმართველობაში გადავა
რუსულ ”ინტერ რაო”-სთან დადებული მემორანდუმის თანახმად, ენგურჰესის მართვა რუსული და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად განხორციელდება, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, 12 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსულმა სახელმწიფო კომპანია ”ინტერ რაო-ეეს”-მა 31 დეკემბერს განაცხადა, რომ მან საქართველოსთან ენგურჰესის ”ეფექტიანად ექსპლუატაციის” შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.
ამ დოკუმენტს ”ინტერ რაო-ეეს”-ის თავმჯდომარემ ევგენი დოდმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა 28 დეკემბერს თბილისში მოაწერეს ხელი.
რუსული კომპანიის ცნობით, ხელმოწერილი მემორანდუმის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ ენგურჰესის ”ეფექტიანად ექსპლუატაციის” მიზნით შეიმუშავონ ”არანაკლებ ათ წლიანი პროგრამა.”
ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ელექტროსადგური ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზურ მხარეს მდებარეობს.
ქართულმა მხარემ ამ საკითხზე პირველი ოფიციალური კომენტარი მემორანდუმის ხელმოწერიდან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, 12 იანვარს, გააკეთა.
ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ეს მემორანდუმი არ წარმოადგენს იურიდიული ვალდებულების მქონე დოკუმენტს და იქ გაწერილი პირობების დაკონკრეტება უკვე მოხდება ცალკე – იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებაში, რომელიც მისი თქმით, დაახლოებით თვენახევარში იქნება მზად.
”ენგურჰესის აქციათა 100% იყო, არის და დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში,” – განაცხადა ხეთაგურმა. ”რაც შეეხება ერთობლივ მართვას, ეს იქნება ერთობლივი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება პარიტეტულ პრინციპზე – ჩვენი და ”ინტერ რაო”-ს წარმომადგენლების მიერ. ”ენგურჰესის” ამჟამინდელი მენეჯმენტი და პერსონალი გააგძელებს იქ მუშაობას.”
მისი თქმით რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ამ საკითხზე 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო და ქართული მხარე დათანხმდა ხელი მოეწერა მემორანდუმისთვის მას შემდეგ, რაც ”ინტერ რაო”-მ თბილისისთვის მისაღები წინადადებები წარმოადგინა.
ხეთაგურმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით – ქართული მხარის ფინანსური დაინტერესებით, ენგურჰესის უსაფრთხოებით და მთლიანად ენერგო სისტემის უსაფრთხოებით.
მემორანდუმით ”ინტერ რაო” თანხმდება გადაიხადოს იმ ელექტროენერგიის საფასური, რომლის მიწოდებაც ამ ჰესის საშუალებით ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე და ეს ”დამატებით 15 მლნ ლარის შემოსავალს შეადგენს,” – განაცხადა ხეთაგურმა.
ყოველწლიურად აფხაზეთის ტერიტორიაზე ენგურჰესიდან, მინისტრის თქმით, 1,2 მილიარდ კვტ ელექტროენერგია გადიოდა, რომლის საფასურის გადახდაც არ ხდებოდა.
ამის გარდა, მისივე თქმით, მემორანდუმის თანახმად, ”ინტერ რაო” თანხმდება ზაფხულში ჭარბი წყლის არსებობის პერიოდში ჰესის დაუკონტრაქტებელი ელექტროენერგია შეიძინოს, რომელიც აქამდე წყლის სახით უბრალოდ იღვრებოდა. ხეთაგურის თქმით, ეს ჰესს დამატებით დაახლოებით ”25 მლნ ლარის შემოსავალს მოუტანს”.
მისივე თქმით ”ინტერ რაო” განახორციელებს ელექტროენერგიის ტრანზიტს რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით, საქართველოს ტერიტორიის – ენგურჰესის – გავლით, რაც ”დამატებით შემოსავალს მოუტანს საქართველოს ერთიან ენერგოსისტემას.” ხეთაგურმა განაცხადა რომ ეს ჰესის უსაფრთხოების გარანტიასაც იძლევა, რადგან გადამცემი ხაზი, ”კავკასიონი”, რომლითაც რუსეთიდან თურქეთში ტრანზიტი ხდება, ენგურჰესს უკავშირდება და ხშირი იყო რისკის ფაქტორი, იმავე ”სეპარატისტების მხრიდან”.
მინისტრის თქმით, სატაროფო პოლიტიკა და ტარიფების განსაზღვრა იყო, არის და დარჩება მარეგულირებელი კომისიის გამგებლობის ქვეშ.
ერთობლივად შექმნილი მმართველთა საბჭო ვერ შეცვლის ჰესის მენეჯმენტს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეუთანხმებლად. მმართველთა საბჭო და მართველი კომპანია, მისი თქმით, ვერანაირად ვერ განკარგავს ენგურჰესის ქონებას.
მინისტრის თქმით, ”ინტერ რაო” დათანხმდა აღებული ვალდებულებების შესრულების გარანტად წარმოადგინოს მისი აქტივები საქართველოში. რუსული კომპანია ფლობს თბილისის ენეგროგამანაწილებელი კომპანია ”თელასის” აქციათა 75%-ს; ასევე მე-9 და მე-10 ენერგობლოკებს (ეს უკანასკნელი ამჟამად არ ფუნქციონირებს); რუსული კომპანიის მართვაშია ჰიდროელექტროსადგურები – ხრამი I და ხრამი II.
ენერგეტიკის სამინისტრომ მემორანდუმთან დაკავშირებით კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ კვირას ამ საკითხზე განმარტებები რამოდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოითხოვა.
მინისტრის მიერ 12 იანვარს პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს უკვე მოჰყვა პირველი რეაქცია საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან.
”უნდა მოვიდეს ბატონი მინისტრი და მოგვახსენოს რა დოკუმენტზეა საუბარი, რა ფორმით მოხდა ერთობლივ მართვაში გადაცემა,” – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმცირესობიდან, ლევან ვეფხვაძემ. ”ყველაზე მთავარი არის შესაბამისობა კანონთან. პარლამენტს მიღებული აქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და მე მიმაჩნია, რომ ეს კანონი დარღვეულია, ყოველ შემთხვევაში, წინასწარი ინფორმაციით და რაც ინფორმაცია მაქვს ამის ნათელი მაგალითია ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან მწვავე საუბარი ენერგეტიკის მინისტრთან.”
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიიდან, მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც 12 იანვარს უკვე შეხვდა ენერგეტიკის მინისტრს, განაცხადა, რომ მემორანდუმი არ ეწინააღმდეგება კანონს ოკუპაციის შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე კომერციულ საქმიანობას კრძალავს. მისივე თქმით, აღნიშნული მემორანდუმი უზრუნველყოფს ენგურჰესის უსაფრთხოებას და ქვეყნის უსაფრთხო ენერგო მომარაგებას.
პაატა დავითაიამ, დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობიდან, 12 იანვარს განაცხადა, რომ ამ მემორანდუმის გაფორმება ”მოხდა მალულად.”
”ამას [მემორანდუმის ხელმოწერას] ჩვენ არ უნდა ვიგებდეთ რუსული საიტებიდან,” დასძინა მან. ”მე ვერ გავიგე, თუ ამ ქვეყანასთან [რუსეთთან] ჩვენ ომი გვაქვს – ომი იყოს… თუ ენერგეტიკას მათ ვაბარებთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)