ეკონომიკის მინისტრი ენგურჰესის გარიგებაზე საუბრობს

ეკონომიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ შიში იმის თაობაზე, რომ საქართველომ შესაძლოა დაკარგოს კონტროლი ენგურჰესზე, უსაფუძვლოა.

მან 13 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ საუბარია ჰესის მართვაზე რუსულ სახელმწიფო კომპანია ”ინტერ რაო”-სთან ერთად და არა მისი აქციების მიყიდვაზე.

მან ასევე გაიმეორა ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადება, რომ ამ ეტაპზე მიღწეულია ურთიერთგაგების მემორანდუმი ”ინტერ რაო”-სთან და მიმდინარეობს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებაზე მუშაობა, რომელსაც ცალკე უნდა მოეწეროს ხელი.

მისი თქმით, შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, შეიქმნება სპეციალური მმართველი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება ორივე მხრიდან 3-3 წევრით, ხოლო მმართველი იქნება ქართული მხარის მიერ დანიშნული დირექტორი.

”როგორც იცით,  ”ინტერ რაო” გახლავთ ოკუპანტი ქვეყნის [რუსეთი] სახელმწიფო კომპანია, რომელიც დღეს აფხაზეთში მთლიანად ახორციელებს და ფლობს ვითარებას. შესაბამისად იცით, რომ ენგურჰესის ნაწილი გახლავთ აფხაზეთის ტერიტორიაზე,” – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.  

”ყურადღება მიაქციეთ მემორანდუმის დასახელებას – ეს არის მემორანდუმი ”ინტერ რაო”-სა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის. ამით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია აღიარებს საქართველოს იურისდიქციას და საქართველოს სრულ უფლებას ენგურჰესზე ისევე, როგორც მათ მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ლიცენზიის და ნებართვის მიღებას თბილისიდან და არა სეპარატისტული ხელისუფლებიდან. ესეც პოლიტიკურად საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი,”- აღნიშნა მან.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ენგურჰესი, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების 40%-ს გამოიმუშავებს, ქვეყნის ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მთავრობა არ განიხილავს მისი გაყიდვის საკითხს.

მისი თქმით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ 25% ელექტროენერგიას აფხაზეთი უსასყიდლოდ მოიხმარდა. ”ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ეს შემოსავლები, რომელიც თანხობრივად შეადგენს 15 მილიონს [ლარს], შემოვა ენგურჰესის შემოსავლებში,”- განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე უარყო, რომ გარიგება წინააღმდეგობაში მოდის ოკუპაციის შესახებ კანონთან, რომელიც ზღუდავს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ეკონომიკურ საქმიანობას.

”ოკუპაციის შესახებ კანონის მეორე მუხლი ცალსახად განმარტავს, რომ თუ რაიმე ეკონომიკური საქმიანობა შედის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში, საქართველოს თანხმობის შედეგად შესაძლებელია განახორციელოს ამა თუ იმ კომპანიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა,”- განაცხადა ჟვანიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)