ოპოზიციის სამიზნე სააკაშვილის გადადგომაა
ოპოზიციური პარტიების ჯგუფი ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერას გეგმავს, რომელშიც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს, განაცხადა ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ალიანსმა 16 იანვარს.
”ყველა ოპოზიციური ძალის საერთო მოთხოვნაა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან, ამასთანავე უმოკლეს ვადებში სათანადო საარჩევნო გარემოს შექმნა, რათა ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები,” – განაცხადა რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ახალი მემარჯვენეების ლიდერთან დავით გამყრელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
”ჩვენი ალიანსი დღეიდან თავის ძალისხმევას მიმართავს იქითკენ, რომ ამ თემაზე შედგეს რაც შეიძლება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი,” – განაცხადა მან, თან იქვე დასძინა, რომ დეკლარაციას ოპოზიციური პარტიების მიერ დაახლოებით ათ დღეში მოეწერება ხელი.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ”აუცილებელი პირობაა” სააკაშვილის გადადგომა, რადგან ის ”არის ამ კრიზისის მთავარი წყარო და საფუძველი”.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთო მოთხოვნებზე შეთანხმება არ ნიშნავს ერთიანი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბებას, რადგან საჭიროა ამ ხელისუფლებას ჰყავდეს ”რამოდენიმე დემოკრატიული ალტერნატივა”.
ახალი მემარჯვანეების და რესპუბლიკელების განცხადება ფაქტიურად გამეორება იყო იმ განცხადებისა, რომელიც ერთი დღით ადრე საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან გამართული კონსულტაციების შედეგებზე დაყრდნობით 12 ოპოზიციური პარტია სამ მოთხოვნაზე შეთანხმდა: გადადგეს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან; ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები; შეიქმნას სათანადო პირობები დამოუკიდებელი არჩევნებისთვის.
მისი თქმით, ამ სამ მოთხოვნას უერთდებიან: ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები, გაერთიანებული ოპოზიცია: კონსერვატორები, ხალხის პარტია, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; ქალთა პარტია, ტრადიციონალისტები, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო – ნინო ბურჯანაძის პარტია, ლეიბორისტები, მწვანეთა პარტია, მრეწველები და საქართველოს გზა.
ახალი მემარჯვეების იყო პირველი პარტია, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვა. მათგან განსხვავდებით, რესპუბლიკელები თავდაპირველად სიფრთხილით ეკიდებოდნენ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს, თუმცა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერდნენ. დეკემბრის დასაწყისში ალიანსის შექმნის დროს ორივე პარტიამ განაცხადა, რომ ტაქტიკის და შემდგომი განხილვის საგანია, თუ რომელი არჩევნები უნდა ჩატარდეს თავდაპირველად – საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო, თუ ორივე ერთად.
ანალოგიური თავშეკავებული პოზიცია ჰქონდა თავდაპირველად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტიას ამ საკითხზე. თუმცა დეკემბრის ბოლოს ბურჯანაძემ ნათლად მიანიშნა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მომხრეა. მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ქვეშ სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ვერ ჩატარდება.
საქართველოს ყოფილ ელჩს გაეროში და ახალ ოპოზიციურ სახეს ირაკლი ალასანიას ჯერ არ გაუმხელია თავისი პოზიცია ამ საკითხზე. 24 დეკემბერს თბილისში პრესკონფერენციაზე საუბრისას ალასანიამ მოუწოდა ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ, თუმცა არ დააკონკრეტა ჯერ რომელი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო – საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო.
სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ, ალასანიამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან განაგრძობს პარტნიორობას, რადგანაც თავადვე განაცხადა, არ აპირებს ცალკე პარტიის ჩამოყალიბებას.
ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების ალიანსმა 16 იანვარს განაცხადა, რომ მათ იმედები გაუცრუვდათ ალასანიას გაჭიანურებული ნაბიჯების გამო.
”სამწუხაროდ, გარკვეულწილად გაჭიანურდა მისი [ალასანიას] შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები,”- განაცხადა პრესკონფერენციაზე დავით გამყრელიძემ, ”მიუხედავად იმისა, რომ ირაკლიმ განაცხადა, რომ ის პარტიის ჩამოყალიბებას არ აპირებს, მას მაინც დასჭირდება, ალბათ, გამოკვეთოს ის გუნდი, ვისთან ერთადაც ის აპირებს პოლიტიკურ მოღვაწეობას”.
ახალი მემარჯვენეები და რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ალასანია, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, კვლავ მათ ”სასურველ პარტნიორად” რჩება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)