თბილისისთვის მედვედევის განკარგულება ”გაუგებარია”
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც სანქციებით აფრთხილებს საქართველოსთვის იარაღის მიმწოდებელ ქვეყნებს, ”გაუგებარი” და ”აბსურდულია”, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 19 იანვარს.
პრეზიდენტმა მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ავალებს რუსეთის მთავრობას ”შეზღუდონ ან შეწყვიტონ სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობა” იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს რუსული ან საბჭოთა წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქციას მიაწვდიან. განკარგულების მიხედვით, 2011 წლის 1 დეკემბრამდე რუსეთი საქართველოს იარაღის ემბარგოს უწესებს.
”რუსეთი სანქციებით ემუქრება საერთაშორისო თანამეგობრობას სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გამო, მაშინ როდესაც სწორედ რუსეთი ათწლეულების განმავლობაში აწვდიდა და აწვდის სამხედრო შეიარაღებას ყველა იმ ოდიოზურ რეჟიმს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო უსაფრთხოებას და სტაბილურობას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. საერთაშორისო საზოგადოებრიობას არ სჭირდება შეხსენება, თუ ვის მიერ არის წარმოებული იარაღი, რომელსაც უმეტესწილად იყენებენ ტერორისტული ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით,”- აცხადებს საგარეო უწყება, ”საქართველომ, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად იცის, თუ როგორ აწვდიდა რუსეთი სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ ზონებში საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს”.
”აბსურდად უნდა იქნას შეფასებული რუსეთის მიერ მსგავსი დოკუმენტის მიღება მაშინ, როდესაც მან თავის მხრივ შეაჩერა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულებაში მონაწილეობა, არ ასრულებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და რეალურ სამხედრო საფრთხეს უქმნის მეზობელ სახელმწიფოებს,”- აღნიშნავს სამინისტრო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)